|
საქართველო
კონსტიტუცია ითვალისწინებს რელიგიის თავისუფლებას და სახელმწიფო ზოგადად ანგარიშს უწევდა ამ უფლების პრაქტიკაში განხორციელებას.
ხელისუფლების მიერ რელიგიური თავისუფლების პატივისცემის სტატუსი გაუმჯობესებას განიცდიდა ამ ანგარიშში განხილული პერიოდის განმავლობაში და სახელმწიფო პოლიტიკა უმეტეს შემთხვევაში კვლავაც ხელს უწყობდა რელიგიის თავისუფლების დამკვიდრებას.
შემცირდა თავდასხმები რელიგიურ უმცირესობებზე, მათ შორის ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, რელიგიური მსახურებისა და შეკრებების დარბევა.
აშშ-ის მთავრობა ქვეყნის ხელისუფლებასთან დიალოგისას რელიგიური თავისუფლების საკითხს ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი პოლიტიკის ფარგლებში განიხილავს. აშშ-ის საელჩომ დააფინანსა რელიგიური შემწყნარებლობის ხელშემწყობი რამოდენიმე პროექტი.
ნაწილი I რელიგიური დემოგრაფია
ქვეყნის ტერიტორია შეადგენს 25. 900 კვ. მილს, ხოლო მოსახლეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების ჩათვლით - 4.4 მილიონს.
ეთნიკური ქართველების უმრავლესობა (2002 წლის აღწერის მიხედვით შეადგენს მოსახლეობის 80 %-ს) საკუთარ თავს, თუნდაც სიტყვიერად, ასახელებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლად. არაქართველი მართლმადიდებლური ჯგუფები ექვემდებარებიან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიულ იურისდიქციას და ძირითადად იყენებენ მათ საკომუნიკაციო ენას (მაგ. რუსულს, სომხურს და ბერძნულს). შემორჩენილია ეთნიკური რუსების მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც არიან სამი ალტერნატიული ორთოდოქსალური სკოლის მიმდევრები; ესენია მალაკნები, სტაროვერები და დუხობორები. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი განაგრძობს ზრდას.
სომხური სამოციქულო გრიგორიანული ეკლესია, რომაული კათოლიკური ეკლესია, იუდაიზმი და ისლამი ტრადიციულად თანაარსებობდა ქართულ მართლმადიდებლულ ეკლესიასთან. ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი ასოცირდება ეთნიკურ ნიშანთან. აზერბაიჯანელები წარმოადგენენ სიდიდით მეორე ეთნიკურ ჯგუფს (დაახლ. 285.000 ან მოსახლეობის 7 %) და ძირითადად არიან მუსულმანები; უმეტესობა ცხოვრობს ქვემო ქართლის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც ისინი შეადგენენ მოსახლეობის უმეტესობას. სომხები წარმოადგენენ სიდიდით მესამე ეთნიკურ ჯგუფს (დაახლ 249.000 ან მოსახლეობის 6 %) და შეადგენენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის უმეტესობას და არიან სომხური სამოციქულო გრიგორიანული ეკლესიის წევრები.
მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს მუსულმანები. აქ არის სამი ძირითადი მუსულმანური მოსახლეობა: ეთნიკური აზერბაიჯანელები, ეთნიკური ქართველი აჭარელი მუსულმანები, და ეთნიკური ჩეჩენი ქისტები სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში.
ქვეყანაში არის დაახლ. 35.000 კათოლიკე, ძირითადად ეთნიკური ქართველები და ასირიელები და 18.000 ქურთი იეზიდი. ეთნიკური მართლმადიდებელი ბერძნების ჯგუფი ითვლის 15.000 წევრს. ქვეყანაში არის დაახლ. 10.000 ებრაელი. პროტესტანტები და სხვა არატრადიციული რელიგიის მიმდევრები უფრო მეტად გააქტიურდნენ და გახდნენ ცნობადები, თუმცა ისინი მოიცავენ მოსახლეობის 1 პროცენტს. ათეისტების რაოდენობა, რომლებიც ღიად აცხადებენ ამას, ასევე 1 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.
ქვეყანაში მოღვაწეობს სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი რამოდენიმე უცხოელი მისიონერი.
ნაწილი II. რელიგიური თავისუფლების სტატუსი
სამართლებრივი და პოლიტიკური სტრუქტურა
კონსტიტუცია ითვალისწინებს რელიგიის თავისუფლებას და სახელმწიფო ზოგადად ანგარიშს უწევდა ამ უფლების პრაქტიკაში განხორციელებას. კონსტიტუცია აღიარებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში და ასევე უზრუნველყოფს ეკლესიის სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობას. ქვეყნის ხელისუფლებასა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული ხელშეკრულებით აგრეთვე აღიარებულია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული ღვაწლი.
სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს რელიგიურ რიტუალში ჩარევას ან პირის მიმართ სამართლებრივი დევნის განხორციელებას რელიგიურ საფუძველზე, ასევე ჩარევას რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნების პროცესში. აღნიშნული აკრძალვების დარღვევა ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით; სახელმწიფო მოხელის მიერ აღნიშნული კანონის დარღვევა ითვლება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად და ისჯება უფრო დიდი ოდენობის ჯარიმით ან/და უფრო დიდი ვადით თავისუფლების აღკვეთით.
გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის ადამიანის უფლებების დაცვის სამსახურს ევალება ადამიანის უფლებების დაცვა, რაც ასევე მოიცავს რელიგიურ თავისუფლებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა კვლავაც აქტიურად ახორციელებენ რელიგიური თავისუფლების დაცვას, თუმცა ზოგიერთი ჯგუფი მოითხოვს უფრო გაძლიერებულ აქტივობას. პრეზიდენტი და ომბუდსმენი აქტიურ მხარდაჭერას უწევენ რელიგიურ თავისუფლებას, მათ ჰქონდათ რამოდენიმე საჯარო გამოსვლა მცირერიცხოვანი რელიგიური ჯგუფების მხარდასაჭერად, თუმცა ყველა ჯგუფი არ იყო კმაყოფილი მათი საქმიანობის ყოველი ასპექტით.
ყველა მთავარი მართლმადიდებლური რელიგიური დღესასწაული გამოცხადებულია სახელმწიფო დღესასწაულად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით არ არის დადგენილი სხვა რელიგიური ჯგუფების დღესასწაულების გათვალისწინება, ალტერნატიული დღესასწაულების აღნიშვნასთან დაკავშირებით გამოვლენილი უკანონო ან სოციალური შეზღუდვების შესახებ არ შემოსულა რაიმე საჩივარი.
რელიგიურ ჯგუფს შეუძლია დარეგისტრირდეს როგორც კავშირი ან ფონდი. კავშირი შედგება წევრებისაგან (სავალდებულოა სულ მცირე ხუთი წევრი), ხოლო ფონდი აერთიანებს ერთ ან რამოდენიმე დამფუძნებელს, რომლებიც ფონდს აფუძნებენ გარკვეული მიზნით, კონკრეტული ჯგუფის ან ზოგადად, საზოგადოების სასარგებლოდ. ორივე შემთხვევაში რეგისტრაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს დაარეგისტრიროს ან უარი უთხრას დარეგისტრირებაზე განცხადების შეტანიდან 15 დღის ვადაში. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
საჯარო სკოლებში არის რელიგიის არჩევითი კურსი; თუმცა კურსი ძირითადად ეხება მართლმადიდებლურ ქრისტიანულ რელიგიას, და კურსის სახელმძღვანელოც კონცენტრირებულია მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და არ მოიცავს ინფორმაციას სხვა რელიგიური ჯგუფების შესახებ. აღნიშნულის საპასუხოდ განათლების სამინისტრომ დაიწყო სასწავლო პროგრამის შემუშავება 2005 წელს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს მიერ შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, მასში მხოლოდ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები იყვნენ. ჯგუფის საქმიანობა შეწყდა 2007 წლის დასაწყისში, ისე რომ სასწავლო პროგრამაში ცვლილების შეტანა არ განხორციელებულა.
იმავდროულად განათლების სამინისტრო განაგრძობდა სახელმძღვანელოს პროექტზე მუშაობას, რომელსაც უნდა შეეცვალა ძველი სახელმძღვანელო, რომლის თემები და მასალები რელიგიის თავისუფლების მხარდამჭერი კანონის გადმოსახედიდან არ იყო მისაღები. ახალ სახელმძღვანელოში შესულია მასალები სხვა რელიგიურ ჯგუფებზე და ნეიტრალური პოზიციიდან განხილულია სხვადასხვა რელიგიები. 2007 წელს იგეგმებოდა ახალი სახელმძღვანელოს შეტანა I, VII და X კლასებში; მომდევნო ეტაპზე ახალი სახელმძღვანელოს შეტანა იგეგმებოდა სხვა კლასებშიც. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით რელიგია სკოლებში უნდა ისწავლებოდეს როგორც ზოგადი ან თემატური ისტორიის ან კულტურის ნაწილი; იგი უნდა ეხებოდეს სხვადასხვა რელიგიურ თემებს, ტექსტებს და აღმსარებლობებს, მიკერძოებულობის და უპირატესობების მინიშნების გარეშე. მესამე კლასამდე დასაშვებია რელიგიური ტექსტების ნაწყვეტების სწავლება ლიტერატურის საგნის ფარგლებში. განათლების სამინისტროს ინსტრუქციებში ნათქვამია, რომ ამგვარი ტექსტები და თემები უნდა იყოს ინტეგრირებული სამოქალაქო და ზნეობრივ თემებთან, იმისათვის რომ ხაზი გაესვას რელიგიური შემწყნარებლობის მნიშვნელოვანებას და ურთიერთგაგებას. გეგმის მიხედვით რელიგიური შემწყნარებლობა უნდა გახდეს სამოქალაქო მომზადების სავალდებულო ელემენტი მეცხე კლასის კურსისათვის.
რელიგია და რელიგიური რიტუალები უნდა ისწავლებოდეს და ტარდებოდეს სკოლის შემდეგ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პედაგოგის ან სხვა პირის, მათ შორის მღვდლის თანდასწრებით, თუ სტუდენტების მიერ არ არის მოწვეული. ლოცვები და სხვა რიტუალები არ უნდა განხორციელდეს სკოლის საათებში.
მართლმადიდებლური ეკლესია რეგულ
არულად ამოწმებს რელიგიის და სხვა სასკოლო სახელმძღვანელოებს, რომ არ იქნას შეუსაბამობა მართლმადიდებლურ მრწამსთან; ამასთანავე შემოწმება არ ხორციელდება რომელიმე სახელმწიფო სტუქტურის მიერ, არამედ მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მოღვაწეობის ფარგლებში. კანონის თანახმად საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას კონსულტანტის როლი აქვს სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში და არ გააჩნია ვეტოს უფლება.
რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა
ხელისუფლების მიერ რელიგიური თავისუფლების პატივისცემის სტატუსი გაუმჯობესებას განიცდიდა ამ ანგარიშში განხილული პერიოდის განმავლობაში და სახელმწიფო პოლიტიკა კვლავაც ხელს უწყობდა რელიგიის თავისუფლების დამკვიდრებას უმეტეს შემთხვევაში.
ქვეყნის ხელისუფლებასა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული ხელშეკრულება განმარტავს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას. ხელშეკრულებაში გვხვდება რამოდენიმე წინააღმდეგობრივი მუხლი: პატრიარქისათვის იმუნიტეტის მინიჭება, მართლმადიდებლური ქართული ეკლესიისათვის სამხედრო მღვდლების დანიშვნის ექსკლუზიური უფლება, მართლმადიდებლური ქართული ეკლესიის წევრთა სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება და მართლმადიდებლური ქართული ეკლესიისათვის მთავრობის კონსულტანტის როლის მინიჭება, განსაკუთრებით განათლების სფეროში. თუმც, ზოგიერთი მუხლი მოითხოვს პარლამენტის მიერ კანონის პრაქტიკაში დანერგვას, რაც არ მომხდარა ამ საანგარიშო პერიოდში.
იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებაზე უარის თქმის შემთხვევები არ დაფიქსირებულა; თუმცა, ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ სტატუსის მიმართ, რომლის მინიჭებაც ხდება რეგისტრირების შედეგად. რომაული კათოლიკური ეკლესია და სომხური გრიგორიანული ეკლესია ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივ ორგანიზაციად დარეგისტრირებას, უპირატესობას ანიჭებენ მათ ეკლესიებად ცნობას ან მათთვის სხვა კონკრეტული რელიგიური ჯგუფის სტატუსის მინიჭებას. რამოდენიმე ჯგუფმა უკმაყოფილება გამოხატა მათი საკუთრების უფლების და საგადასახადო სტატუსების არაადექვატური სამართლებრივი დაცვის გამო, რასაც უზრუნველყოფს კანონი რეგისტრირების შესახებ. გარდა ამისა ისინი აპროტესტებენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატეს სტატუსს, რადგან ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, სხვა რელიგიური ჯგუფებისაგან განსხვავებით, განთავისუფლებულია გარკვეული გადასახადებისაგან. თუმცა, პრაქტიკაში მთავრობა არ ცდილობს გადასახადების ამოღებას რელიგიური დანიშნულების ნივთებზე, რელიგიურ ან საქველმოქმედო ღონისძიებებზე, მიუხედავად იმისა არის თუ არა კანონით უზრუნველყოფილი გარკვეული საგადასახადო შეღავათი. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაც გამოთქვამს უკმაყოფილებას საგადასახადო პირობების გამო, კერძოდ რელიგიურ მემკვიდრეობაზე დაწესებული გადასახადების გამო.
რამოდენიმე რელიგიური დაჯგუფება გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ რეგისტრაციის შესახებ კანონი და საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს კერძო საკუთრების გადაცემას ჯგუფის მიმდევრებისა თუ მხარდამჭერთათვის, რადგან კანონმდებლობის მიხედვით საკუთრების გადაცემის გადასახადი არ არის გაუქმებული ამგვარ ტრანზაქციებზე და ეს არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიური საკუთრების გადაცემის გადასახადთან დაკავშირებით შემდეგნაირია: ამგვარ ტრანზაქციებზე დაწესებული გადასახადი არ ექვემდებარება ამოღებას, მიუხედავად რეგისტრაციის სტატუსისა. იმის გამო რომ აღნიშნული დე ფაქტო გადასახადებისაგან განთავისუფლება არ იქნა გათვალისწინებული კანონმდებლობაში, რელიგიური საკუთრების დიდი ნაწილი დარჩა კერძო მფლობელობაში.
სამთავრობო უწყებები აცხადებენ, რომ რეგისტრაციის შესახებ კანონი უზრუნველყოფს საჭირო ბალანსს რელიგიური უმცირესობების მოთხოვნებსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსის დაცვის სურვილს შორის, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში. მთავრობის განცხადებით, რელიგიური ჯგუფებისათვის განსაკუთრებული სტატუსის შექმნა თავისთავად გამოიწვევს ჯგუფებს შორის შეხლა-შემოხლას ნებისმიერი დაკანონებული განმარტების გამო, ხოლო რეგისტრაციის შესახებ კანონი ადგენს თანაბარ პირობებს ყველა რელიგიური ჯგუფისათვის. მთავრობას მიაჩნია, რომ რეგისტრაციის შესახებ კანონი ნეიტრალურია რელიგიური თვალსაზრისით და მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, კონკრეტული ორგანიზაცია კომერციულია თუ არაკომერციული. მთავრობას მიაჩნდა, რომ ვერ შეძლებდა იმის დადგენას თუUრა არის “რელიგია” და რა არა, და ამ განმარტების მიკუთვნებას დისკრიმინაციის გვერდის ავლით. მთავრობა ასევე აცხადებდა, რომ რეგისტრირებული რელიგიური ჯგუფების საკუთრების უფლებების სამართლებრივი დაცვა და საგადასახო სტატუსი იგივეა რაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, თუმცა აღიარებულია, რომ არსებობს გარკვეული გაუგებრობები როგორც რელიგიურ ჯგუფებს, ასევე მთავრობის წარმომადგებლებს შორის. დღესდღეობით ადგილი აქვს უპირატესობის სიმბოლურ გამოვლინებას ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსის სასარგებლოდ, მაგ. დღგ-საგან (გადახდის და შემდეგ თანხის უკან დაბრუნების სანაცვლოდ) და რელიგიური ნივთების გაყიდვით მიღებული მოგების გადასახადისაგან გათავისუფლება.
2007 წლის მაისში ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ დაადანაშაულა მთავრობა, რომელმაც ვერ შეძლო იეღოვას მოწმეთა წევრების დაცვა ძალადობრივი თავდასხმისაგან 1999 წელს. გადაწყვეტილება არ არის მიღებული იეღოვას მოწმეების მიერ 2001 წელს შემოტანილ საჩივარზე, რომლითაც გასაჩივრებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჯგუფის რეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ.
დღესდღეობით იეღოვას მოწმეები აღარ თვლიან საჭიროდ რიტუალების კერძო ბინებში ჩატარებას უსაფრთხოების მიზნით, თუმცა ისინი კვლავაც განაგრძობენ ბინებში შეკრებას იმის გამო, რომ სალოცავის აშენების ან დაკავების ნებართვები გაიცემა დიდი შეფერხებით. ამ დოკუმენტში განხილული პერიოდის განმავლობაში მათ სარგებლობაში იყო 25 შენობა მცირე ზომის შეკრებებისათვის, თუმცა მათთვის კვლავაც არ იყო ხელმისაწვდომი მასშტაბური შეკრებების ადგილი.
წარმატებით არ დასრულებულა გენერალურ პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებები, რომლებიც უკავშირდებოდა 2005 და 2006 წლებში იეღოვას მოწმეებისათვის მრავალრიცხოვანი რელიგიური კონვენციების ჩასატარებლად შენობების გამოყოფაზე უარის თქმის ფაქტს. გენერალური პროკურატურის განცხადებით გამომძიებლებმა ვერ შეძლეს პასუხისმგებელი პირის გამოვლენა.
კომუნისტური რეჟიმის დროს ჩამორთმეული საკუთრების დაბრუნება კვლავაც პრობლემურ საკითხად რჩება. ამ ანგარიშში განხილული პერიოდის განმავლობაში მთავრობას არ დაუბრუნებია ეკლესიები ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა თუ სხვა დენომინაციებისათვის; არ დაუბრუნებია აგრეთვე მეჩეთები, სინაგოგები, დარბაზები, სადაც ეწყობოდა სხვა რელიგიური ჯგუფების შეხვედრები. თუმცა გრძელდებოდა წარსულში დაბრუნებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების აღდგენითი სამუშაოები, ნაწილობრივ სახელმწიფო სუბსიდიებით, იმის საფუძველზე, რომ აღნიშნული შენობები წარმოადგენდა ეროვნული კულტურული საგანძურის ძეგლებს. მთავრობამ აგრეთვე გამოყო სუბსიდიები მეჩეთების და ეროვნული კულტურული საგანძურის მსგავსი ძეგლების შესანარჩუნებლად, თუმცა რელიგიურ უმცირესობებს მიაჩნდათ, რომ სახელმწიფო დაფინანსება არ განაწილდა ნეიტრალურად და თანაბრად.
რომაული კათოლიკური ეკლესია და სომხური გრიგორიანული ეკლესია მიიჩნევდა, რომ საკუთრებასთან დაკავშირებული დავები არ განიხილებოდა გამჭვირვალედ და სამართლებრივი მოთხოვნების დაცვით; დავების განხილვა ხდებოდა კონკრეტული საქმის ვითარების გათვალისწინებით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობის აშკარა გამოვლინებით. მაგალითისათვის, კულტურის სამინისტროსთან არსებულ კომისიის წევრთა შორის, რომელსაც ევალებოდა ზემოაღნიშნული საკითხების გადაჭრა, იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი, თუმცა არცერთი წევრი არ წარმოადგენდა სხვა რელიგიურ ჯგუფებს. 2007 წლის მეორე ნახევრისთვის კომისიამ შეწყვიტა ფუნქციონირება და სამინისტრო გეგმავდა ობიექტური ექსპერტის მოსაზრებების გათვალისწინებას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავების შესაფასებლად. სადაო საკუთრებას მოჰყვა რელიგიათაშორის კონფლიქტები, რის შედეგადაც ექსტრემისტი მართლმადიდებელი მღვდლები და აქტივისტები აწყობდნენ დემონსტრაციებს და ინციდენტებს, მაგ. ანტი-კათოლიკური აგიტაცია 2006 წლის დასასრულს და 2007 წლის დასაწყისში, ივლიტა (იხ. ნაწილი III).
რომაული კათოლიკური ეკლესია და სომხური გრიგორიანული ეკლესია, ასევე პროტესტანტული რელიგიის მიმდევრები კვლავაც სირთულეებს აწყდებოდნენ ახალი ეკლესიების ასაშენებლად ნებართვის მიღების პროცესში, რაც უმეტესწილად განპირობებული იყო ადგილობრივი მმართველობის წევრთა თავშეკავებით, რადგან მათ არ სურდათ მართლმადიდებლობის გავლენიან მიმდევრებთან დაპირისპირება; თუმცაღა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია არ ეწინააღმდეგებოდა ახალი ეკლესიის მშენებლობას სხვა რელიგიური ჯგუფების მიერ, თუ ამგვარი მშენებლობა არ მოიცავდა მართლმადიდებლური ეკლესიის კუთვნილი შენობის გადაკეთებას ან ბლოკირებას.
ციხეში სამღვდელო პირთა ვიზიტებისათვის საჭიროა ციხის ადმინისტრაციის თანხმობა, რისი მიღებაც პრობლემური იყო რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის. 2007 წლის აღდგომის დღეებში საქართველოს პატრიარქმა იუსტიციის მინისტრთან ერთად მოინახულა ორი ციხე თბილისში და ციხის საავადმყოფო. სხვა რელიგიის წარმომადგენლების ვიზიტს არასოდეს ჰქონია სახელმწიფო მინისტრების თანხლება.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლება კვლავაც ცენტრალური ხელისუფლების კონტოროლს მიღმა იმყოფებოდა, და ამ რეგიონებიდან სარწმუნო ინფორმაციის მიღება საკმაოდ რთული იყო. აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის 1995 წლის ბრძანებულება, რომელიც კრძალავდა იეღოვას მოწმეების არსებობას რეგიონში, კვლავაც ძალაში რჩებოდა, თუმცა არ ხდებოდა მისი სისრულეში მოყვანა; შესაბამისად ამ რელიგიურ ჯგუფს საჩივრები არ წამოუყენებია. ბაპტისტები, ლუთერანები და კათოლიკეები ასევე აცხადებდნენ, რომ რეგიონში მათი საქმიანობა ნებადართული იყო, თუმცა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აწყდებოდა გარკვეულ პრობლემებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მხარს უჭერს სეპარატიზმს რეგიონში, კერძოდ აფინანსებს ვებ-გვერდს, რომელიც პროპაგანდას უწევს სეპარატისტულ სულისკვეთებას. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ასევე აცხადებს, რომ მოსკოვის თეოლოგიური სემინარი ამზადებს აფხაზ მოძღვრებს. იმის მიუხედავად, რომ რუსული ეკლესია აღიარებს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, რუსული ეკლესია აფხაზეთში წარსაგზავნად და ვითომდა ადგილობრივი აფხაზური ეკლესიების დასაკომპლექტებლად ამზადებს რუსეთის პატრიარქატის ერთგულ მღვდლებს.
იგივე მდგომარეობაა სამხრეთ ოსეთში, სადაც მართლმადიდებელ მორწმუნეებს არ შეუძლიათ სოფელ ნულის, ერედვის, მონასტერის და გერას ახლოს მდებარე ეკლესიებში წირვა-ლოცვის დაყენება, იმის გამო, რომ აღნიშნული ტერიტორია იმყოფება დე ფაქტო ხელისუფლების დე ფაქტო კონტროლის ქვეშ.
ქვეყანაში რელიგიური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.
რელიგიის იძულებითი შეცვლა
რელიგიის იძულებით შეცვლის ფაქტები არ დაფიქსირებულა, მათ შორის გატაცებულ ან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შორის.
ნაწილი III. სოციალური შევიწროვება და დისკრიმინაცია
დაფიქსირებულია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის და სოციალური შევიწროვების ფაქტები; თუმცა, რელიგიური უმცირესობების განცხადებით, შემცირებულია შეურაცხყოფის, ძალადობის და სხვა პირდაპირი ზეწოლის ფაქტები. არცერთ ჯგუფს არ განუცხადებია ფიზიკური თავდასხმის შესახებ. ყველა ჯგუფი ადასტურებს მედია საშუალებების მტრულ დამოკიდებულებას, თუმცა უმეტესობა ამას მიიჩნევს ცალკეული ჟურნალისტების პირადი შეხედულებების გამოვლინებად და არა სისტემატიურ და ორგანიზებულ მედია კამპანიად.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოძიებულია ჩარევის, მუქარის, დაშინების და ძალადობის რამოდენიმე საქმე. სამ შემთხვევაში საქმე გადაცემული იყო სასამართლოში, ცხრა შემთხვევაში მიმდინარეობდა გამოძიება; ორ შემთხვევაში გამოძიებამ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად. გენერალურმა პროკურატურამ გამოიყენა სასამართლოს დისკრეციულობის უფლება 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ აღძრული საქმეების დასასაბუთებლად; აქ გასათვალისწინებელია საგამოძიებო და საბრალდებო რესურსების ნაკლებობა, თუმცა დაგეგმილი იყო 2003 წლამდე მომხდარი ინციდენტების გამოძიების გაგრძელება. რელიგიური უმცირესობების განცხადებით, ამგვარად მოხდება იმ საქმეების გაუქმება, რომელთა გამოძიებაც შესაძლებელი იყო 2003 წლამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
2007 წლის ივნისში ადგილი ჰქონდა ძალადობის რამოდენიმე შემთხვევას იეღოვას მოწმეების წინააღმდეგ. ერთერთი შემთხვევის დროს, რომელიც გლდანის რაიონში მოხდა, პოლიციამ გაათავისუფლა დაზარალებულების მიერ დაკავებული დამნაშავე, რომელიც, რამოდენიმე სხვა დაუდგენელ პირთან ერთად, ჩაერია რელიგიური ლიტერატურის დარიგების პროცესში. საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის გენერალური პროკურატურა აგრძელებდა აღნიშნული საქმის გამოძიებას. იგივე ადგილას, შეკრების დარბაზთან, რამდენიმე დაუდგენელმა პირმა გააკეთა კედლებზე წარწერები და ქვები ესროლა დარბაზს, რასაც მოჰყვა ცალკეული საჩივრები. ჩხოროწყუს რაიონში გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ვინმე სიჭინავას წინააღმდეგ, 2007 წლის 29 იანვარს იეღოვას მოწმეების 2 წევრის წინააღმდეგ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო. მთლიანობაში, გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ცხრა ახალ საქმეზე და მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი ხუთ ძველ საქმეზე; ყველა საქმე შეეხებოდა იეღოვას მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს. აღნიშნულ ხუთ საქმეში წარმოდგენილი იყო სულ მცირე რვა საჩივარი და ხუთი ეჭვმიტანილი. სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ მიესაჯათ სხვადასხვა სასჯელი ჯარიმიდან ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთამდე.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ექსტრემისტების ჩარევით შეწყდა კათოლიკურ-მართლმადიდებლური ეკლესიის (ივლიტა) ისტორიის შესახებ პრეზენტაცია 2007 წლის დასაწყისში. გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო ინციდენტის გამოძიება. 2001 წლის ზამთარში, კათოლიკე არქიეპისკოპოსის ვიზიტის დროს ადგილი ჰქონდა მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეების მიერ ქვების სროლის ფაქტს; შემოვიდა ინფორმაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ, თუმცა პოლიციის მიერ იგი არ იქნა აღმოჩენილი.
მართლმადიდებელი მღვდლები და პედაგოგები აგრძელებენ რელიგიური უმცირესობების და რელიგიათაშორისი ქორწინებების კრიტიკას. ზოგიერთი მათგანი მართლმადიდებელ მოსწავლეებს ურჩევდა თავი შორს დაეჭირათ პროტესტანტი მოსწავლეებისაგან. რიგ შემთხვევებში პედაგოგები დასცინოდნენ მათ, ვინც მიიღო პროტესტანტული რწმენა და აცხადებდნენ, რომ მიზეზი იყო ფინანსური დაინტერესება.
სახალხო დამცველის განცხადებით, პედაგოგები კვლავაც განაგრძობენ მართლმადიდებლობის გაძლიერების მცდელობებს, კითხულობენ ლოცვებს საკლასო ოთახებში, სკოლებში მოაქვთ ხატები და სხვა რელიგიური სიმბოლიკა. განათლების სამინისტროსთან დაარსდა გენერალური ინსპექციის დეპარტამენტი, რომელიც განიხილავს საჩივრებს პედაგოგის შეუსაბამო ქმედებების შესახებ, და აგრეთვე მოსწავლეთა რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის საკითხებს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განათლების სამინისტრო მუშაობდა პედაგოგთა პერიოდული სერთიფიცირების სახელმძღვანელო მითითებებზე, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება აღნიშნული საჩივრები, პედაგოგთა მომზადების და ასევე დისციპლინარული ღონისძიებების ელემენტებად. გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის განცხადებით 2007 წლის პირველ ნახევარში შემოსულია 15 საჩივარი რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის შესახებ; უმეტესობა მათგანში საუბარია სიტყვიერ შეურაცხყოფის შემთხვევებზე. გამოძიება მიმდინარეობს. 2007 წლის ივნისში გენერალურ პროკურატურაში მოვიდა წერილი, რომელიც ეხებოდა იეღოვას მოწმეთა შვილებისათვის სკოლაში მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს; გენერალურმა პროკურატურამ საკითხი შემდგომი რეაგირებისათვის გადასცა გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს.
წარსულში დაფიქსირებული შეურაცხყოფის შემთხვევები უკავშირდება მართლმადიდებელი ექსტრემისტების მცირერიცხოვანი ჯგუფის სახელს, რომელთა წევრებიც განკვეთილნი იქნენ მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ან გასამართლებული სამართლებრივი წესით. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განკვეთა პაატა ბლუაშვილი, და 2007 წლის 30 მაისს იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი; თავდებობის ქვეშ გათავისუფლების შემდეგ იგი აღარ დაბრუნებულა საპყრობილეში. ორი ექსტრემისტი, მკალავიშვილი და ივანიძე, სასჯელს იხდიან ციხეში. სხვა ექსტრემისტების დაპატიმრებას ან გასამართლებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მათ მიერ საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა რაიმე ძალადობრივი ქმედება ან სამართალდაღღვევა.
2005 წლის დეკემბერში, წინუბანში მომხდარი ინციდენტი, რომელიც განხილულია წინა წლის ანგარიშში, შეცდომით აკავშირებს ორმოცდაათიანელების წინააღმდეგ მიმართულ ქადაგებას სომხური სამოციქულო ეკლესიის მღვდლის სახელთან; მაშინ როდესაც მღვდელი გახლდათYსომხური კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი. მღვდლის წინააღმდეგ რაიმე ზომა არ ყოფილა მიღებული, თუმცა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღნიშნული ხასიათის ქადაგებები აღარ ჩატარებულა.
მედია საშუალებებში იყო რამოდენიმე რეპორტაჟი მცირე ინციდენტების შესახებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ეთნიკურ ქართველებს ან ეთნიკურ სომხებს შორის; თუმცაღა, აღნიშნული ინციდენტების მიზეზად არ სახელდება რელიგიური სხვაობები.
საანგარიშო პერიოდში ებრაელი მოსახლეობისაგან არ შემოსულა ინფორმაცია რაიმე ინციდენტის შესახებ.
გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის ადამიანის უფლებების დაცვის სამსახური მონიტორინგს უწევს რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის საქმეების გამოძიებასა და სასამართლო განხილვას. სახალხო დამცველის ოფისი ასევე ახორციელებს მეთვალყურეობას ამგვარ საქმეებზე და მათ განსახილველად გადასცემს გენერალურ პროკურატურას. სახალხო დამცველის ოფისში შემოსული საჩივრებით დასტურდება, რომ დარღვევების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, თითქმის განახევრებულია.
2007 წლის მაისში, თბილისში პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა რელიგიური შემწყნარებლობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. მის გამოსვლაში ყურადღება გამახვილებული იყო ეთნიკურ ჯგუფთა შორის არსებულ დაძაბულობაზე. პრეზიდენტი ჩაერია, როდესაც აჭარაში დაანგრიეს მშენებარე ეკლესია მშენებლობის უფლების არარსებობის გამო, და მოითხოვა მშენებლობის განახლება.
2007 წლის აპრილში სრულიად საქართველოს ეკლესიის პატრიარქი ვიზიტით იმყოფებოდა დუბაიში, სადაც მან დააფიქსირა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ორმხრივი შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ისლამს შორის.
ნაწილი IV. ა.შ.შ. - ს მთავრობის პოლიტიკა
აშშ-ის მთავრობა ქვეყნის ხელისუფლებასთან დიალოგისას რელიგიური თავისუფლების საკითხს, ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი პოლიტიკის ფარგლებში განიხილავს. აშშ საელჩოს წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ს ელჩი, რეგულარულად ხვდებიან რელიგიური თავისუფლების საკითხებით დაინტერესებულ პარლამენტის წარმომადგენლებს, სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს.
საელჩომ დააფინანსა რელიგიური შემნწყნარებლობის თემასთან დაკავშირებული რამოდენიმე პროექტი, მათ შორის გრანტები კვლევით სამუშაოებზე, მოწვეულ ექსპერტთა პროგრამები და მათი პეზენტაციიები. მაგალითისათვის, 2006 წლის ივლისში აშშ. მთავრობამ დაიწყო 4 წლიანი, 2.7 მილიონიანი პროექტის დაფისანსება, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებრივი ერთიანობის გრძნობის მოქალაქეთა შორის, რისთვისაც დახმარებას გაუწევს ქვეყნის მთავრობას სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში; აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოქალაქეები და ორგანიზაციები მოაწყობენ დისკუსიებს, დებატებს და გადაწყვეტენ შეკრული, მრავალეროვანი და მრავალსარწმუნოებრივი სახელმწიფოს შექმნისთან დაკავშირებულ საკითხებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენდა ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობა, ამ პროგრამის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს რელიგიური შემწყნარებლობის გაძლიერება. პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია ტექნიკური მხარდაჭერა, მრავალმხრივი ტრეინინგები, მცირე გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ასევე გაერთიანების და შემწყნარებლობის თემებისადმი მიძღვნილი ყოველკვირეული გამოსვლები, პროგრამები საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში.
საელჩოს მიერ გაცემული გრანტის მეშვეობით შეიქმნა ადგილობრივი დოკუმენტური ფილმი მუსულმანების ცხოვრების შესახებ; ფილმის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში მცხოვრებ ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის არსებული კულტურული სხვაობების და სირთულეების დაძლევა.
|