საქართველო
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია პრეზიდენტს დაქვემდებარებული ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების, ერთპალატიანი პარლამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქციონირება; ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 4.4 მილიონ ადამიანს შეადგენს. შემდგომში ‘ვარდების რევოლუციად’ წოდებული 2003 წლის ნოემბრის მოვლენების კულმინცია პრეზიდენტ ე. შევარდნაძის გადადგომა გახდა. 2004 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 90 პროცენტით გაიმარჯვა; ხოლო 2004 წლის მარტში კი, პრეზიდენტის პარტიამ - ‘ნაციონალური მოძრაობა’ - საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ იანვრის საპრეზიდენტო და მარტის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო წინა არჩევნებთან შედარებით, რამაც ქვეყანა კიდევ უფრო მიუახლოვა საერთაშორისო სტანდარტებს – თუმცა, დაფიქსირდა გარკვეული დარღვევებიც. ზოგადად კი, თანამდებობის სამოქალაქო პირები უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს უზრუნველყოფდნენ.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლება კვლავაც ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა რჩება; მიუხედავად იმისა, რომ ორივე რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხორციელდებოდა, იმ ტერიტორიებზე მაინც ჰქონდა ადგილი ძალადობის (სიკვდილით დამთავრებული ინციდენტების ჩათვლით) ფაქტებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ წლის განმავლობაში მდგომარეობა ადამიანის უფლებების მხრივ ზოგ სფეროში გაუმჯობესდა, ძალიან ბევრი სერიოზული პრობლემა კვლავაც გადაუჭრელია. ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ აღინიშნება შემდეგი პრობლემები:
• სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები აწამებდნენ, სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ დაკავებულებს
• არაადამიანური და სიცოცხლისათვის საშიში პირობები საპყრობილეებში
• კორუფცია და დაუსჯელობა სამართალდამცავ სისტემაში
• არასანქცირებული დაპატიმრებები და დაკავებები
• სასამართლო ხელისუფლებაში დამოუკიდებლობის ნაკლებობა
• მოქალაქეების პირად ცხოვრებაში ჩარევა
• მთავრობის ზეწოლა მედიაზე
• ზოგიერთი რელიგიური უმცირესობის დისკრიმინაცია და შეურაცხმყოფელი ქმედებები მათ წინააღმდეგ
• ქალების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და მათი დისკრიმინაცია
• ადამიანთა ტრეფიკინგი
საანგარიშო წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სიტუაციის გამოსასწორებლად მთავრობამ გარკვეული ქმედებები განახორციელა. საზედამხედველო საბჭოს საქმიანობის, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისა და კანონდამრღვევთა წინააღმდეგ განხორციელებული გამოძიებებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის რიცხვის ზრდის წყალობით წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებში შემცირდა დაკავებულების შეურაცხყოფისა და უკანონო მოპყრობის ფაქტები. უფრო აქტიურად ხდება არატრადიციული რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის გამოძიება და დამნაშავეთა სისხლის სამართლებრივი დევნა, ამიტომაც გაუმჯობესებულია მდგომარეობა აღმსარებლობის თავისუფლების კუთხითაც.
გასულ წელს მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონის მიღებით აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ შეზღუდა მოქალაქეების ხმის მიცემისა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება – ეს კანონი აიძულებს ეთნიკურ ქართველებს უარი სთქვან საქართველოს მოქალაქეობაზე. აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ არც ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი გახსნა გალში. სეპარატისტულ აფხაზეთშიცა და სამხრეთ ოსეთშიც კვლავ პრობლემად რჩებოდა მკვლელობები, არასანქცირებული დაპატიმრებები და დაკავებები.
ადამიანის უფლებების პატივისცემა
ნაწილი 1. პიროვნების ხელშეუხებლობის პატივისცემა
ა. სიცოცხლის შემთხვევით ან უკანონოდ ხელყოფა
არ იყო რაიმე შეტყობინება იმის შესახებ, რომ მთავრობის წარმომადგენლებს შემთხვევით ან უკანონოდ ჩაედინოთ მკვლელობები. არსებობდა ინფორმაცია, რომ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა მყოფ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში ჩადენილი იყო უკანონო მკვლელობები.
2004 წლის დეკემბერში პოლიციის ოფიცრის როლანდ მინაძის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი მტკიცებულების გაყალბებისა და მისი ხელოვნურად შექმნისათვის – რაც დაკავშირებული იყო ხვიჩა ქვრივიშვილის ცემასა და ამის შემდგომ დაღუპვასთან - უკანონოდ სცნეს და სასამართლოს დაუბრუნეს ხელახალი გამოძიებისათვის. პროკურატურამ ეს საქმე ხელახლა დააბრუნა სასამართლოში, რადგანაც დამამძიმებელი გარემოებების გამო უფრო მკაცრ განაჩენს ითხოვდა.
ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტის ორივე მხარის წარმომადგენლები მაინც სჩადიოდნენ მკვლელობებს. ოთხ მაისს სოფელ თამარაშენის მახლობლად ატეხილი სროლის დროს მოკლულ იქნენ ოსი ეროვნების ოთხი პიროვნება და ერთი ქართველი პოლიციელი. 6 ივნისს საკუთარი სოფლიდან გატაცებული ოთხი ქართველი პიროვნების ცხედრები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან საქართველოში დეკემბერში დააბრუნეს. ოქტომბერში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისაგან დაიღუპა გივი ჩუხრუხიძე, რომელსაც კონფლიქტის ზონაში საკუთარ სახლში თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. ამ მკვლელობებიდან არცერთი არ იქნა გამოძიებული და არავინ იქნა დასჯილი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.
აფხაზეთში პარტიზანები კვლავ სჩადიოდნენ ძალისმიერ ქმედებებს. წლის დასაწყისში შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა აფხაზეთ-საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან განლაგებულ სოფელ განმუხირს, რის შედეგადაც მოკლული იქნა ზონის გამშვებ პუნქტზე მომუშავე ქართველი პოლიციელი. მარტში შეიარაღებული ბანდის წევრები თავს დაესხნენ სოფელ ოტობაიაში მცხოვრებ ოჯახს, სცემეს ოჯახის წევრები, ხოლო ერთი ქალბატონი - მერი ჯალაღონია - კი, მოკლეს. აპრილში სოფელ გუმურიშის მახლობლად მომხდარი ინციდენტის დროს მოკლულ იქნა ლაშა რიგვავა – ამ ინციდენტში რუსეთის მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ. მაისში სოფელ დიხაზურგას მახლობლად აფხაზმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ციური მარღანია.
1992-93 წლების ბრძოლების დროს ქართულმა და აფხაზურმა მხარემ ათობით ათასი ნაღმი ჩადო კონფლიქტის ზონაში. ნოემბერში აფხაზეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონაში განლაგებულ მანდარინის პლანტაციაში ორი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი კი დაიჭრა. საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს ნაღმები ცოტა ხნის წინ იყო ჩადებული ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მუშაკების დასაშინებლად და მოსავლის გასანადგურებლად. ამის შემდგომ აფხაზურმა პოლიციამ დააკავა ვახტანგ ძანძავა, რომელიც ნაღმის ჩადებაში იყო ეჭვმიტანილი. ივნისში სამხრეთ ოსეთში ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა ერთი რუსი მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცი და ორი ქართველი პოლიციელი, რომლებიც გოგი კახნიაშვილს, დაკარგულ ქართველ პიროვნებას - რომელიც ნაღმის აფეთქების შედეგად დაღუპულად ითვლებოდა – ეძებდნენ.
ბ. ადამიანების გაუჩინარება
არანაირი შეტყობინება არ ყოფილა იმის შესახებ, რომ მთავრობის წევრებს ხალხის პოლიტიკურად მოტივირებულ გატაცებაში მიეღოთ მონაწილეობა. საანგარიშო წლის განმავლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში (იხილეთ ნაწილი 1.ზ.) მაინც ხდებოდა ხალხის გატაცება, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათი იყო. მაისში სამხრეთ ოსეთის სოფელ ავნევში შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს ეუთოს მისიის ორი დამკვირვებელი, რომლებიც შემდგომში გაათავისუფლეს. ივლისში სოფელ არწევიდან გატაცებულ იქნა გოჩა ჯარემიშვილი – წლის ბოლოსათვის მისი ადგილსამყოფდელი უცნობი რჩებოდა.
მაისში აფხაზმა მებრძოლებმა სოფელ ნაბაკევიდან სამი ადამიანი გაიტაცეს, რომლებიც შემდგომ გათავისუფლებულ იქნენ. წლის ბოლოსათვის არსებობდა ინფორმაცია აფხაზეთში გამოსასყიდის მიღების მიზნით განხორციელებული ადამიანის გატაცების სულ მცირე თორმეტი შემთხვევის შესახებ.
აფხაზეთში დაიწყეს გალის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მამაკაცების ჯარში გაწვევა იძულების წესით. იტყობინებოდნენ, რომ იძულების წესით ჯარში 50-ზე მეტი მამაკაცი გაიწვიეს. იტყობინებოდნენ, აგრეთვე, რომ ადგილობრივი სამხედრო უწყების თანამდებობის პირი იღებდა 100 აშშ-ის დოლარს (1800 ლარს) გაწვევის “გადასავადებლად” და 1 500 აშშ-ის დოლარს (2 700 ლარს) უკვე გაწვეული ჯარისკაცების დასაბრუნებლად.
მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვნად შემცირდა გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანების გატაცების რიცხვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში დაფიქსირებული იყო ადამიანის გატაცების 88 შემთხვევა და დასძინეს, რომ ამ შემთხვევათაგან 84 საქმის გამოძიება ეჭვმიტანილისათვის ბრალის წაყენებით დასრულდა.
საქართველოს მთავრობა და დაკარგულთა მოძიების აფხაზეთის კომისიები იტყობინებოდნენ, რომ 1992-94 წლების აფხაზეთის ომის შედეგად დაკარგულად რჩება ათასზე მეტი ქართველი და რამოდენიმე ასეული აფხაზი ადამიანი (იხილეთ ნაწილი 1. ზ.). წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC)დახმარებას უწევდა ოფიციალურ სტრუქტურებს ქვეყნის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის თანახმად თავისი ვალდებულებების შესრულების საქმეში – ანუ დაკარგულ პირთა ოჯახებისათვის პასუხის გაცემის საქმეში. აღნიშნული საქმიანობა მოიცავდა დაღუპულთა დაკრძალვის ადგილების მოძიებას, მათ ექსჰუმაციას, იდენტიფიცირებასა და ცხედრების ოჯახებისათვის დაბრუნებას. საანგარიშო წლის განმავლობაში ცხედრის დაბრუნების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული.
წლის ბოლოსათვის კვლავ უცნობი იყო 2003 წელს პანკისის ხეობიდან გაუჩინარებული ჩეჩენი ლტოლვილის ადამ თალალოვის ადგილსამყოფელი; ამ საქმის გამოძიებნასთან დაკავშირებით არანაირი წინსვლა არ იყო მოსალოდნელი.
ამ წლის ბოლოსათვის კვლავ გრძელდებოდა 2003 წელს აფხაზეთში, კოდორის ხეობაში გაეროს სამი სამხედრო დამკვირვებლის გატაცებისა და გათავისუფლების საქმის გამოძიება; ამ საქმის გამოძიებნასთან დაკავშირებით არანაირი წინსვლა არ იყო მოსალოდნელი.
გ. წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა და დასჯა
მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული პრაქტიკა კანონით აკრძალულია, ასეთ შემთხვევებს მაინც ჰქონდა ადგილი.
საანგარიშო წლის განმავლობაში მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტების წინააღმდეგ; კერძოდ კი, განხორციელდა შემდგომი საქმიანობა: წინასწარი დაკავების დაწესებულებების ფართო მონიტორინგი თბილისში და პოლიციის განყოფილებების მონიტორინგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები წამების დეფინიციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში მათი პატიმრობის ვადებისა და დაკავებული პოსტებიდან დროებით გათავისუფლების გახანგრძლივება; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელთა თანახმადაც შემცირდება თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები (ახალი კანონის თანახმად, დაკავებულთა მიერ დაკავების პროცესში მიცემული აღიარებითი ჩვენებები დამტკიცებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ, რათა მათ მტკიცებულების ძალა გააჩნდეთ); დანაშაულის გამოძიებისა და დამნაშავეთა სისხლის სამართლებრივი დევნისაკენ მიმართული საქმიანობის გაძლიერება გენერალურ პროკურატურაში (იხ. ნაწილი 1. დ.). როგორც გვატყობინებენ, შემცირებულია სერიოზული დარღვევებისა და პოლიციელების მხრიდან გადაცდომების ფაქტების რიცხვი, ისეთების, როგორიცაა მტკიცებულების ხელოვნურად შექმნა ან “ჩაგდება”.
წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ საჩივრების გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირი გენერალური პროკურორია. პროკურორებს ევალებათ პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტების გამოძიება, თუ დაკავებულ პირს დაზიანებები დაპატიმრების დროს აქვს მიღებული. თუკი ისინი დაადგენენ, რომ ბრალდება არ დასტურდება, მაშინ ეს გადაწყვეტილება შეიძლება გენერალური პროკურატურის უფრო მაღალ ინსტანციაში გასაჩივრდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები გვატყობინებდნენ, რომ გამოძიებების შედეგად ჩვეულებრივ დგინდებოდა, რომ პოლიციის მიერ გარკვეული ძალის გამოყენება აუცილებლობას წარმოადგენდა. ნებისმიერ პირს, რომლის წინააღმდეგაც ძალადობრივი ქმედებები იყო გამოყენებული, საშუალება ჰქონდა სამოქალაქო სარჩელი აღეძრა ძალადობრივი ქმედებების ჩამდენის წინააღმდეგ.
მაგრამ, როგორც გვატყობინებს არასამთავრობო ორგანიზაცია - “ყოფილი პოლიტიკური პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” (FPPHR - დაწყებული 2004 წლიდან მთავრობამ პასუხი არ გასცა ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით წარდგენილ ასობით საჩივარს. გენერალური პროკურატურა იტყობინებოდა, რომ მათ დაიწყეს ზოგიერთ ამ საჩივართან დაკავშირებული საქმეების გამოძიება, მაგრამ დასძენდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ფაქტები ძალის გამოყენების შესახებ ხშირად არ შეიცავდა საკმარის ინფორმაციას გამოძიების დაწყებისათვის.
როგორც გვატყობინებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, საანგარიშო წლის განმავლობაში სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები კვლავაც სცემდნენ და აწამებდნენ დაკავებულებს და სჩადიოდნენ მათ წინააღმდეგ სხვა ძალისმიერ ქმედებებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მსჯავრდებულთა 23 პროცენტის წინააღმდეგ სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს – ეს რიცხვი 3 პროცენტით აღემატება 2004 წლის იგივე პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს. იანვარში სახალხო დამცველის ოფისის საბჭოს მიერ წინასწარი დაკავების დაწესებულებებში ჩატარებული 10-დღიანი მონიტორინგის შედეგად დადასტურდა პოლიციელების მიერ დაკავებულთა წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის მაღალი მაჩვენებელი; ამ საბჭომ განაცხადა, რომ ამ ათდღიანი პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან დაკავებულების ფიზიკური შეურაცხყოფის 15 შემთხვევას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილების მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საანგარიშო წლის განმავლობაში დაკავებული დაახლოებით 8 ათასი ადამიანიდან 1360 პირს (17 პროცენტს) აღენიშნებოდა დაზიანებები – მათგან 90 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი პოლიციელების მიერ იყვნენ ნაცემი. ომბუდსმენის ოფისის ინფორმციის თანახმად, იანვრიდან აგვისტომდე მათი მონიტორინგის ჯგუფმა ფიზიკური ძალადობის ფაქტების 192 შემთხვევა დააფიქსირა.
2004 წლის დეკემბერში მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მონიტორინგის საბჭო შექმნა, რომლის მიზანი იყო სამინისტროს იურისდიქციაში მყოფი დაკავების დაწესებულებების დათვალიერება; ამ საბჭოს წევრები იყვნენ ომბუდსმენის ოფისის მიერ არჩეული მოხალისეები, რომლებიც წამების საკითხებზე მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში. წინასწარი დაკავების დაწესებულებებში ძალისმიერ ქმედებებზე რეაგირებისათვის აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილებას დაავალეს წინასწარი დაკავების ყველა 67 დაწესებულების ზედამხედველობა, ხოლო სტრუქტურის მესვეურებმა კი შეიმუშავეს წინასწარი დაკავების დაწესებულებებში მიყვანილი დაკავებულების რეგისტრაციის ახალი პროცედურა. რეგისტრაციის ამ პროცედურის თანახმად აუცილებელია დაკავებულს შემოყვანისთანავე ჩაუტარდეს სავალდებულო ფიზიკური შემოწმება და ამის შედეგად აღირიცხოს მის სხეულზე აღბეჭდილი ფიზიკური ძალადობის ყველანაირი ნიშანი. აუცილებელია, აგრეთვე, სამედიცინო შემოწმების ჩატარებაც, თუ მას შემდეგ, რაც დაკავებულებს დაკავების დაწესებულებაში შემოიყვანენ ან იქიდან გაიყვანენ, მათ ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონიტორინგის განყოფილება ვალდებული იყო გამოეძიებინა ფიზიკური ძალადობის ყველა შემთხვევა. მონიტორინგის განყოფილების უფროსის თქმით, პოლიციელებს არ ჰქონდათ წინასწარი დაკავების დაწესებულებებში შესვლის უფლება მის მიერ გაცემული ნებრათვის გარეშე.
ნოემბრის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის ყველა წარმომადგენელი – პოლიციის სპეციალური დანაყოფის თანამშრომლების გარდა – ვალდებული იყო დაკავებულებთან და პატიმრებთან შეხვედრების დროს პირადობის დამადასტურებელი საშვები ეტარებინათ; პოლიციის სპეციალური დანაყოფის წევრები კი, ასეთი მოთხოვნისაგან გათავისუფლებულები იყვნენ იმიტომ, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნებულიყო. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ამ ფაქტის გამო სპეციალური ჯგუფის წევრები ძალისმიერი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში მათზე პასუხს არ აგებდნენ.
ადამიანის უფლებების დამცველები იტყობინებოდნენ, რომ პოლიციის განყოფილებების შერჩევითი და მოულოდნელი (წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩატარებული) შემოწმებების შედეგად საანგარიშო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა საჩივრების რიცხვი პოლიციელების მიერ ძალის გამოყენების თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ასეთი მონიტორინგი ეფექტური აღმოჩნდა და მის შედეგად შემცირდა ძალისმიერი ქმედებები წინასწარი დაკავების დაწესებულებებში – იანვრის შემდეგ წინასწარი დაკავების დაწესებულებებში ძალისმიერი ქმედებების რიცხვი შემცირებულია; თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იტყობინებოდნენ, აგრეთვე, რომ გაიზარდა ისეთი დაკავებულების რიცხვი, რომელთაც ფიზიკური ძალადობის ნიშნები უკვე პოლიციის განყოფილებებსა ან დაკავების დაწესებულებებში მოყვენისთანავე აღენიშნებოდათ. “ამნისტი ინტერნეშიონალმა” (AI), სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ომბუდსმენის ოფისმა დააფიქსირეს ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც, როგორც იტყობინებოდნენ, დაკავებულებს დაზიანებები პოლიციელებმა მათი დაკავების დროს მიაყენეს. პოლიციელები კი ირწმუნებოდნენ, რომ ეს დაზიანებები დაკავებულებს ან დაკავებამდე აღენიშნებოდათ ან მათ მიერ წინააღმდეგობის გაწევის შედეგი იყო. შეტყობინებების თანახმად, დაკავებულებს აწამებდნენ ან სცემდნენ მანქანებში წინასწარი დაკავების დაწესებულებებში მათი გადაყვანის დროს, პოლიციის განყოფილებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. ერთ-ერთი დაკავებული იტყობინებოდა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავებისას ჩატარებული მოსმენის დროს მიაყენეს. შემოსული იყო საჩივრები, რომ რამოდენიმე ადამიანს თავს ქუჩაში დაესხნენ უსაფრთხოების სამსახურის სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი თანამშრომლები, ზოგი კი უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს – მაგალითად სასაფლაოებზე ან ტყეში – და იქ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
საანგარიშო წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულისათვის რამოდენიმე პოლიციის ოფიცერი სასამართლოს წინაშე წარსდგა, რამოდენიმე თანამდებობიდან გაათავისუფლეს ან დააქვეითეს; მაგრამ დაუსჯელობის სინდრომი კვლავაც პრობლემად რჩებოდა, განსაკუთრებით კი, დედაქალაქს მოშორებულ რეგიონებში (იხ. ნაწილი 1. დ.). არასამთავრობო ორგანიზაციები იტყობინებოდნენ, რომ პოლიციელების მხრიდან სამსახურეობრივი გადაცდომების ფაქტების დადასტურებას ხელს უშლიდა გენერალურ პროკურატურასა და პოლიციას შორის არსებული მჭიდრო კავშირები; არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, აგრეთვე, რომ სასამართლო ხელისუფლებაში პროფესიონალი კადრებისა და დამოუკიდებლობობის არარსებობის გამო არ ხდება რეაგირება წამების ფაქტების შესახებ შემოსულ საჩივრებზე. ამის შედეგად კი, როგორც იტყობინებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მიუხედავად გატარებული პოზიტიური რეფორმებისა, სამართალდამცავები კვლავაც მიმართავენ წამებას ან სასტიკ მოპყრობას, რადგანაც დაბალია რისკი იმისა, რომ მათი ქმედებები გამოვლინდება ან დაისჯება. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, აგრეთვე, რომ ვითარების გაუმჯობესებას ხელს უშლის ის ფაქტიც, რომ სამართალდამცავებს არ უტარდებათ შესაფერისი ტრენინგები, ხოლო საზოგადოება კი, ნაკლებად არის გათვითცნობიერებული, თუ რა ახალი დამცავი მექანიზმებია დაწესებული მოქალაქეებისათვის.
წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტების გამოააშკარავებას კვლავაც ხელს უშლიდა მნიშვნელოვანი ფაქტორები. არასამთავრობო ორგანიზაციები იტყობინებოდნენ, რომ დაზარალებულები არ ამხელდნენ ინფორმაციას ძალისმიერი მეთოდების გამოყენების შესახებ, რადგანაც ეშინოდათ, რომ ამისათვის პოლიციელები მათ ან მათ ოჯახებს სამაგიეროს გადაუხდიდნენ. ორგანიზაცის - “ამნისტი ინტერნეშიონალ” – ინფორმაციით, ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებმა იცოდნენ ძალისმიერი მეთოდების გამოყენების აშკარა ფაქტების შესახებ, მაგრამ დაკავებულებმა – რომლებსაც ხილული დაზიანებები აღენიშნებოდათ – შემდგომში უარი სთქვეს ოფიციალურად განეცხადებინათ ამ ინციდენტების შესახებ და უკან წაიღეს თავიანთი პირვანდელი საჩივრები. მაისში ომბუდსმენის ოფისის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები წინასწარი დაკავების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, როდესაც იქ შემოიყვანეს დაკავებული პირი, რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა იგი დაკითხეს, აღრიცხეს მისი დაზიანებები და საქმე გამოძიებისათვის გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნეს. ამ პიროვნების ადვოკატმა შემდგომ აღნიშნა, რომ დაკავებულმა უარი სთქვა ეთანამშრომლა გამოძიების მწარმოებლებთან, რადგანაც შიშობდა, რომ მის ოჯახს ამისათვის სამაგიეროს გადაუხდიდნენ.
აპრილში პატიმარი ელდარ კონენიშვილი, რომელიც #1 საპყრობილეში იყო მოთავსებული, შემდგომ გურჯაანის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც პოლიციელებმა იგი სცემეს და დააშინეს. კონენიშვილს ყველა იმ ადამიანის ამოცნობა შეძლო, ვინც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ კონენიშვილის ცემაში ბრალდებული პოლიციელი სამსახურიდან დროებით არ დაუთხოვიათ. ამ საქმის გამოძიება წლის ბოლოსათვის დასრულებული არ იყო.
წლის ბოლოს გრძელდებოდა 2004 წელს წინასწარი დაკავების საკანში სულხან მოლაშვილის წამების ფაქტის გამოძიებაც. სექტემბერში მოლაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ფინანსური სახსრების მითვისების ბრალდებით; ეს განაჩენი გასაჩივრდა, მაგრამ წლის ბოლოსათვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. მოლაშვილის ადვოკატებმა სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოში შეიტანეს – ისინი ამტკიცებენ, რომ მოლაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო; წლის ბოლოსათვის პასუხი სტრასბურგიდან ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. მოლაშვილმა მისი წამების შესახებ ოფიციალური შეტყობინება 2004 წლის ივლისამდე არ გააკეთა, რადგანაც მას ეშინოდა, რომ ამისათვის მის ოჯახს სამაგიეროს გადაუხდიდნენ. ორგანიზაციის – ‘ყოფილი პოლიტიკური პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის’ წარმომადგენელ ნანა კაკაბაძის მიერ მოლაშვილის საქმის შესახებ მოწყობილი პრეს-კონფერენციის შემდეგ, მოლაშვილი ისეთ საკანში გადაიყვანეს – როგორც ევროპის საბჭომ შეგვატყობინა – სადაც არც სინათლე იყო და არც სველი წერტილები ფუნქციონირებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების დაწესებულებაში ირაკლი თუშიშვილის ელექტროშოკით წამებაში ეჭვმიტანილი პოლიციელების წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების შედეგად ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. როგორც იტყობინებიან, თუშიშვილი 2003 წელს გაათავისუფლეს.
არ არის ცნობილი, თუ როგორ ვითარდებოდა ორი პოლიციელის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება – პოლიციელები ეჭვმიტანილები იყვნენ 15 წლის დ. ასატუროვისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებულ გამოძალვასა და მის წინააღმდეგ ძალისმიერი ქმედებების გამოყენებაში.
არსებობს შეტყობინებები, რომ პატიმრებს შორის არსებული აგენტები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ წინასწარი პატიმრობის დაწესებულებების ბინადართ.
ნოემბერში გალის რაიონის სოფელ ფიჭორში აფხაზმა პოლიციელებმა დააკავეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თემურ და გიორგი მორგოშიებს; შემდგომში ისინი გაათავისუფლეს.
საპყრობილეებსა და დაკავების დაწესებულებებში არსებული პირობები
ომბუდსმენისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, საპყრობილეებში ისევ ცუდი პირობებია, ისინი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საანგარიშო წლის განმავლობაში შეიძლება გაუარესებულიყო კიდევაც. გაერო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია – მათ შორის ‘ჰიუმან რითს უოჩი’ (HRW)- კვლავაც იტყობინებოდნენ, რომ საპყრობილეებში არაადამიანური და სიცოცხლისათვის საშიში პირობებია – სავალალოა შენობების მდგომარეობა, საკნები გადატვირთულია, არ არსებობს შესაფერისი კვება და სამედიცინო მომსახურება, დიდია კრიმინალური ბანდების გავლენა. უმრავლესობა შენობებში არ არსებობს ადექვატური კომუნალური და სანტექნიკის საშუალებები. კვლავაც გრძელდებოდა საპყრობილეების თანამშრომლების მიერ პატიმრებისა და დაკავებულების ფიზიკური შეურაცხყოფა და მათთვის ფულის გამოძალვა.
დეკემბერში პატიმართა ქუთაისის ახალ, 1500 ადგილიან საპყრობილეში გადაყვანამ შეამსუბუქა მდგომარეობა რეგიონის საპყრობილეებში. მაგრამ, გადაყვანილ პატიმრებს შორის ბუნტი ატყდა, რადგანაც ახალ საპყრობილეში არ იყო წყალი და ელექტროენერგია. ერთ კვირაში ეს მომსახურება გამოსწორდა.
მძიმეა მდგომარეობა წინასწარი დაკავების დაწესებულებებშიც. თუმცა, საანგარიშო წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაარემონტა ასეთი დაწესებულება თბილისში – იქ გაიყვანეს ახალი ელექტროგაყვანილობა და გათბობის სისტემა.
ივნისში საპარლამენტო კომიტეტი ბათუმის # 3 საპყრობილეს ეწვია და აღმოაჩინა, რომ მასში დასაშვებ რაოდენობაზე ორჯერ მეტი პატიმარი იმყოფებოდა. ერთ 12-ადგილიან საკანში, მაგალითად, 37 პატიმარი იყო მოთავსებული. ტუბერკულოზითა და ჩ ჰეპატიტით დაავადებული პატიმრები ჯანმრთელებთან ერთად ერთ საკანში ისხდნენ.
კანონიერი ქურდები – რომლებიც ორგანიზებულ დამნაშავეთა ბანდების ძლიერ ქსელს წარმოადგენენ – ყველა საპყრობილეში არიან; ისინი ჩვეულებრივ სხვა პატიმრებს სძალავენ ფულს, რომელსაც ‘ობშიაკი’ ეწოდება და მას შემდგომ ციხის მესვეურთა და მოსამართლეთა მოსასყიდად იყენებენ. გეგუთის კოლონიაში, მაგალითად, საპყრობილეების თანამშრომლები კანონიერი ქურდების თავდასხმების შიშით უარს აცხადებდნენ ღამის ცვლაში ციხეების პატრულირებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები იტყობინებოდნენ, რომ ბევრი პატიმარი ითხოვდა მათ კარცერებში გადაყვანას (მიუხედავად იქ არსებული სავალალო მდგომარეობისა), რადგანაც სურდათ თავი აერიდებინათ ქურდების ზეგავლენისათვის. ომბუდსმენის ოფისის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თუ პატიმრები უარს ამბობდნენ ქურდებთან თანამშრომლობაზე, ამას მოყვებოდა მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაშინება.
საანგარიშო წლის განმავლობაში უფრო რეგულარულად უხდიდნენ ხელფასებს საპყრობილეების მცველებსა და სხვა თანამშრომლებს, რამაც შეამცირა კორუფციის ფაქტების რიცხვი. მაგრამ, ივნისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის ოფისის ზეწოლის შედეგად მოხდა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის, შოთა კოპაძის სისხლის სამართლებრივი დევნა – შეტყობინებების თანახმად იგი ეჭვმიტანილი იყო ქურდებთან ერთად პატიმრებისათვის ფულის გამოძალვასა და მათ ფიზიკურ შეურაცხყოფაში; ომბუდსმენის ოფისმა კოპაძე დაადანაშაულა პატიმრებისაგან ყოველთვიურად 166 ათასზე მეტი აშშ-ის დოლარის (300 ათასი ლარი) გამოძალვაში ‘ობშიაკისათვის’. იუსტიციის სამინისტრომ უარი განაცხადა კოპაძის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, თუმცა შემდგომში დააპატიმრეს ორი საპყრობილის დირექტორი: ერთი მათგანი - დაკავებულის ნათესავისაგან ქრთამის გამოძალვისათვის, ხოლო მეორე კი, იმ ინციდენტის შემდგომ, როდესაც ომბუდსმენსა და გენერალური პროკურატურის თანამდებობის პირებს შეურაცხყოფა მიაყენეს მათ მიერ იმ დაკავების დაწესებულების დათვალიერებისას, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა. 22 დეკემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კოპაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და კოპაძის მაგივრად სახალხო დამცველის მოადგილე ბაჩო ახლაია დანიშნა.
არასამთავრობო ორგანიზაციები იტყობინებოდნენ, რომ პატიმრებს შორის კვლავაც ჰქონდა ადგილი ძალადობის ფაქტებს.
როგორც იტყობინებიან, გაუმჯობესდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საპყრობილეებში, თუმცა ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპყრობილეების ხელმძღვანელები ხელოვნურად იღებენ ამ დაბალ მაჩვენებელს, რადგანაც ისინი ათავისუფლებენ განუკურნებელი სენით შეპყრობილ პატიმრებს და ჰოსპიტალში გადაჰყავთ მომაკავდავი მსჯავრდებულები. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ იმ პატიმართა სიკვდილიანობას, რომლებსაც ოჯახი არ ჰყავთ, საერთოდ არ აღრიცხავენ. საანგარიშო წლის განმავლობაში საპყრობილეებში პატიმრების სიკვდილის 44 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ივლისში გეგუთის საპყრობილეში თავი მოიკლა ალბერტ ზასაევმა. ოქტომბერში ხონის #9 საპყრობილეში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ზურაბ ცინცაძემ. ნოემბერში პაატა მამულიას გვამი #1 საპყრობილის სარდაფში აღმოაჩინეს; ერთ-ერთი პატიმარი დაადანაშაულეს ჩხუბის დროს მამულიას მკვლელობაში.
საპყრობილეებში ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობებსა და თვითდასახიჩრებას – რაც წარმოადგენდა პროტესტს საპყრობილეებში პირობების გაუარესებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. ხანდახან პატიმრები შიმშილობებს აცხადებდნენ, რაც აგრეთვე პროტესტის ფორმა იყო ცუდი პირობების, მნახველების მიერ პატიმრების მონახულებაზე შეზღუდვების დაწესებასა და მთავრობის მიერ პატიმრების ვადამდელი გათავისუფლების თვითნებური პოლიტიკის წარმოების წინააღმდეგ.
იუსტიციის სამინისტროს პენიტენციალური სისტემის მონიტორინგის საბჭომ გააკრიტიკა პატიმრების საავადმყოფოებიდან საპყრობილეებში დაბრუნების ფაქტი მათთვის სავალდებულო სამედიცინო შემოწმების ჩატარებისა გარეშე და მოთხოვნილი გამოძიების ჩატარების გარეშე.
სექტემბერში ორი პატიმრის ინფექციური მენინგიტით დაიღუპვის შემთხვევების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დაღუპულ პატიმართა ოჯახის წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს ამ დაავადების გავრცელების გამო. საპყრობილის ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ პატიმრები დაავადებულები იყვნენ პროგრესირებადი ნევროლოგიური ინფექციით და არა მენინგიტით. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - “თავისუფლების ინტიტუტი” – გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პატიმარი საავადმყოფოდან სამკურნალო საშუალებების არქონის გამო გაწერეს; მისი ოჯახის წევრები მზად იყვნენ მკურნალობის საფასური დაეფარათ, მაგრამ მათ ავადმყოფის საავადმყოფოდან გამოწერის შესახებ არაფერი შეატყობინეს. წლის ბოლოს ამ საქმის გამოძიება დასრულებული არ იყო.
ამ ორი პატიმრის დაღუპვის შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილი 55 პატიმარი ისევ ციხეში დააბრუნეს. მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩარევის შედეგად, 25 პატიმარი ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ შემთხვევის შესახებ ომბუდსმენის ოფისმა გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორებში მყოფ დაკავებულთა სიკვდილის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდში დაკავებულმა გიორგი ჟვანიამ თვითმკვლელობის ჩადენა თავში მძიმე საგნის ჩარტყმით სცადა.
არასრულწლოვანი პირები ცალკე დაწესებულებებში იყვნენ მოთავსებულები; თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორებში არასრულწლოვანები, როგორც წესი, სხვა დაკავებულებთან ერთად იყვნენ მოთავსებულები. ზოგჯერ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები მსჯავრებულებთან ერთადაც ისხდნენ, რადგანაც ციხეები გადატვირთული იყო. მაგალითად, გაეროს ბავშვთა საერთაშორისო ფონდის (UNICEF)მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 17 წლის ალეკო ქამუშაძე წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დროს 8 თვის განმავლობაში მოთავსებული იყო 30-კაციან საკანში, რომელშიც სხვებთან ერთად ისხდნენ მკვლელობისათვის და გაუპატიურებისათვის მსჯავრდებულები.
არასამთავრობო ორგანიზაციები იტყობინებოდნენ, რომ სულ მცირე ოთხი პატიმარი მათი განაჩენით გათვალისწინებულ პერიოდზე უფრო მეტ ხანს გააჩერეს საპყრობილეში.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დაკავების დაწესებულებებში შესვლის სრული უფლებით სარგებლობდა – მათ შორის, მათ უფლება ჰქონდათ შესულიყვნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც; ეუთოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ არანაირი სერიოზული პრობლემა არ შექმნიათ პატიმრებთან ან დაკავებულებთან შეხვედრის უფლების მოპოვებისას. გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილების თანამშრომლებს უფლება ჰქონდათ თავისუფლად შესულიყვნენ საპყრობილეებში იქ არსებული პირობების შესამოწმებლად. ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივი ჯგუფები და საპყრობილეების მონიტორინგის საბჭოს წევრები იტყობინებოდნენ, რომ გარკვეულ შემთხვევებში მათ სიძნელეები ექმნებოდათ დაკავებულების მონახულების უფლების მოპოვებისას, განსაკუთრებით კი, მაშინ, როდესაც მათ საქმეებს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა.
ნოემბერში იუსტიციის მინისტრმა სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან შემდგარი მონიტორინგის საბჭო გაუქმებულად გამოაცხადა. საბჭოს წევრებმა ამ გადაწყვეტილებას უკანონო უწოდეს და მუშაობას წლის ბოლომდე განაგრძობდნენ. საბჭოს წევრებს უფლება ჰქონდათ წინასწარი შეტყობინების გარეშე შესულიყვნენ ნებისმიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მონიტორინგის საბჭოს 20 წევრიდან მხოლოდ 4 თუ 5 ადამიანი თუ იყო აქტიური და პატიმრებიც შურისძიების შიშის გამო, როგორც წესი, თავს იკავებდნენ მათთან საუბრისაგან.
მონიტორინგის საბჭოს წევრებს არ ჰქონდათ ციხეში აუდიო და ვიდეო აღჭურვილობის შეტანის უფლება, რათა მოეხდინათ პატიმრების დაზიანებებისა ან ციხეში არსებული ცუდი პირობების დოკუმენტირება. მონიტორინგის საბჭოს წევრმა-არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პოლიციის განყოფილებებში დაკავებულების პირველადი დაკითხვისა და დაკავების ეტაპზე მონიტორინგისაგან განსხვავებით, საპყრობილეების მონიტორიონგი არაეფექტური აღმოჩნდა.
გაეროს წარმომადგენლებმა გულისწუხილი გამოთქვეს აფხაზეთში წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირებისა და მსჯავრდებულების მდგომარეობის გამო – მათ შორის ქალებისა მდგომარეობისა და სიკვდილმისჯილთა საკნებში არსებული მდგომარეობის გამო. სამხრეთ ოსეთში ცხინვალის საპყრობილისა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების იზოლატორის დათვალიერების შემდეგ გაერომ შეშფოთება გამოთქვა იქ არსებული მდგომარეობის გამო.
დ. თვითნებური (არასანქცირებული) დაპატიმრებები და დაკავებები
კანონი კრძალავს თვითნებურ დაპატიმრებებსა და დაკავებებს; მაგრამ მთავრობა ყოველთვის როდი იქცეოდა კანონის შესაბამისად.
პოლიციისა და უშიშროების აპარატის როლი
პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროს (MPPO)უპირველესი მოვალეობა სამართლის დაცვაზე პასუხისმგებლობაა. იგი 2004 წლის დეკემბერში ორი სამინისტროს შერწყმის შედეგად შეიქმნა, მაგრამ მას ჩვეულებრივ მაინც შინაგან საქმეთა სამინისტროს უწოდებენ. შიდა არეულობების დროს წესრიგის დასამყარებლად მთავრობამ შეიძლება მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სამხედრო უწყებას. ეს სამინისტრო კონტროლს უწევს პოლიციას, რომელიც იყოფა სხვადასხვა ფუნქციების მქონე დეპარტამენტებად და რომლის შემდგენლობაში შედის აგრეთვე ერთი დამოუკიდებელი დაფინანსების მქონე პოლიციური დაცვის დეპარტამენტი, რომელიც კერძო საწარმოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საანგარიშო წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტოში უარი სთქვეს ადრე არსებული გეგმის განხორციელებაზე: ჟანდარმერიად გარდაექმნათ სამი ათასი კაცისაგან შემდგარი მსუბუქად შეიარაღებული შინაგანი ჯარი.
საანგარიშო წლის განმავლობაში გაიზარდა საზოგადოების ნდობა პოლიციის მიმართ, რაც კორუფციის ფაქტების შემცირებით იყო განპირობებული. ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდის, მათი რეგულარულად გაცემისა და, აქედან გამომდინარე, სამსახურის დაკარგვის შიშით, პოლიციელები აღარ ახორციელებდნენ ძალისმიერ ქმედებებს დაკავებულების წინააღმდეგ. 2004 წელს რეფორმირებულ საპატრულო პოლიციას აპრილიდან უფრო ინტენსიურად უტარდებოდა ტრენინგები.
იყო ფართოდ გახმაურებული საქმეები, რომელიც ეხებოდა პოლიციელების მიერ ფიზიკური ძალის გამოყენებას ან საპყრობილეებში პატიმრების გარდაცვალებას – ამ სამქეების გამოძიების შედეგად ზოგი პოლიციელი დააპატიმრეს, ზოგს კი, ადმინისტრციული სასჯელი შეუფარდეს. მაგრამ, არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა არ ატარებდა შემოსული საჩივრების სისტემატურ განხილვას, საქმეების გამოძიებასა და ეჭვმიტანილების სისხლის სამართლებრივ დევნას – ყველა ზემოხსენებულმა ფაქტმა ხელი შეუწყო დაუსჯელობის დიდი ხნის არსებული კულტურის კიდევ უფრო გაფურჩქვნას, განსაკუთრებით კი, თბილისის გარეთ, რეგიონებში.
ზოგადად კი, პოლიციის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში დგებოდა, ხოლო კანონმდებლობით კი, შეზღუდულია დაკავებულების შესაძლებლობები დაასაბუთონ თავიანთი საჩივარი ასეთი დანაშაულის შესახებ (იხ. ნაწილი 1. ე.). ბევრი დამკვირვებელი ირწმუნებოდა, რომ პროკურორები თავს იკავებდნენ პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამრთლის საქმის აღძვრაზე ან ხურავდნენ საქმეებს მტკიცებულების არარსებობის გამო. ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ შურისძიების შიშისა და სისტემისადმი უნდობლობის გამო დაზარალებულები ოფიციალურად არ იტყობინებიან დარღვევების ბევრი შემთხვევის შესახებ.
გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილების მიერ ნოემბერში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავების მხრიდან უკანონო მოპყრობის, ძალისმიერი ქმედებებისა და წამების გამოყენების ფაქტებზე აღძრული იყო 188 სისხლის სამართლის საქმე. აქედან ბრალი 25 სამართალდამცავს წაუყენეს. საანგარიშო წლის ბოლოსათვის საპყრობილეებში სასჯელს 10 სამართალდამცავი იხდიდა – ყველა ეს განაჩენი ‘ვარდების რევოლუციის’ შემდეგ იყო გამოტანილი.
გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილებამ დაიწყო ადამიანის უფლებების დარღვევისათვის აღძრული საქმეების, სასამრთლო პროცესებისა და გამოძიებების მსვლელობების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და მისი განახლება.
5 მაისს სამეგრელოს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი სერგო ჩაჩიბაია, სამეგრელოს რეგიონის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი მერაბ ცაავა და სამეგრელოს პოლიციის განყოფილების სამი ოფიცერი როზმან გოგენია, რუბენ კალანდია და ჯემალ იზორია სხვადასხვა ბრალდების გამო იყვნენ მსჯავრდებულები, მათ შორის შემდეგი ბრალდებებისათვის – უფლებომოსილების გადამეტება ძალისმიერი ქმედებების ჩადენითა და იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების დამცირება და განზრახ არასანქცირებული დაპატიმრებისა ან დაკავებაის განხორციელება. ჩაჩიბაიას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ცაავას – 4 წლით, ხოლო დანარჩენ სამ პოლიციელს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
27 მაისს უფროს ინსპექტორ კ. კესაურს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – იგი დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების გადამეტებისათვის და სხეულის განზრახ დაზიანებისათვის. 26 მაისს სამ პოლიციელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს უფლებამოსილების არაერთხელ გადამეტებისათვის იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის ღირსების დამცირებისათვის და სხეულის განზრახ დაზიანებისათვის; გოგი ხარებავას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ილია ნაჭყებიასა და პაატა ჯღარკავას კი, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური სამძებრო განყოფილების უფროსი ინსპექტორი ლევან ლევიძე დამნაშავედ სცნეს უფლებამოსილების გადამეტებისათვისა და გაყალბებისათვის – მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროკურორმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ლევიძისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
დაპატიმრება და დაკავება
აპრილში მიღებული ახალი კანონის თანახმად, პიროვნების დაკავება შეიძლება მოხდეს მხოლოდ საკმარისი მტკიცებულებებისა და სასამართლო ორდერის არსებობის შემთხვევაში. დაკავებისა და სხვა ორდერებს მოსამართლეები გასცემდნენ; მათი მოპოვება პოსტ ფაქტუმაც შეიძლებოდა და ჩევულებრივ ასეც ხდებოდა. რეალურად კი, პოლიციელები კვლავაც ორდერის გარეშე აკავებდნენ ხალს და დაპატიმრების მიზნით კვლავაც “აგდებდნენ” ნარკოტიკებსა ან იარაღს. პროკურატურა ერთადერთი უწყებაა, რომელსაც სასამართლოებთან პირდაპირი კონტაქტის უფლებამოსილება გააჩნია; მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა მოსამართლეებზე, რათა მათ დაეკმაყოფილებინათ შუამდგომლობები სატელეფონო მოსმენების, ჩხრეკისა და დაკავების ორდერის გაცემების თაობაზე.
კანონის თანახმად, დაკავებულ პირს ბრალი 72 საათის განმავლობაში უნდა წაუყენონ, ხოლო ვისაც ბრასლ ამ პერიოდის განმავლობაში არ წაუყენებენ, უნდა გაათავისუფლონ; რეალურად კი, დაკავებულის ეს უფლება ყოველთვის არ იყო დაკმაყოფილებული.
აპრილში მიღებული კანონის თანახმად, გათვალისწინებულია დაკავებულის თავდებით გამოშვება, რომელიც ახლა უფრო პოპულარულია, ვიდრე წინასწარი პატიმრობა. აპრილამდე თავდებით გამოშვების პრაქტიკა იშვიათად გამოიყენებოდა, რადგანაც მოსამართლეებს ეშინოდათ, რომ მათ მექრთამეობაში დაადანაშაულებდნენ.
დაკავებულს უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატთან შეხვედრა დაკავებისთანავე და უარი სთქვას ადვოკატის გარეშე ჩევენების მიცემაზე; სოციალურად დაუცველ მოპასუხეს უფლება აქვს დაენიშნოს სახაზინო ადვოკატი. კანონის თანახმად, მოპასუხეს ადვოკატს უნიშნავს მოსამართლე, თუმცა მას უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატის შეცვლა. მაგრამ, როგორც იტყობინებიან, მოპასუხისათვის სახაზინო წესით შერჩეული ადვოკატი ხშირად მხოლოდ სახლემწიფოს ინტერესებს იცავდა. გარდა ამისა, პროკურორებს უფრო მეტი წვლილი შეჰქონდათ პროცესში, ვიდრე ეს კანონით იყო დაშვებული. პოლიციის ადგილობრივი მესვეურები უზღუდავდნენ დაკავებულებს ადვოკატთან შეხვედრის უფლებას. რეალურად, არ იყვნენ საკმარისი რაოდენობის ადვოკატები, რათა ყველა სოციალურად დაუცველის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ (იხ. ნაწილი 1. ე.). ამიტომ მოპასუხეებს ყოველთვის როდი შეეძლოთ ადვოკატის დახმარებით ესარგებლათ. საპილოტო პორექტის განხორციელების შემდეგ ქვეყანაში დაარსდა სახაზინო ადვოკატთა ორი ოფისი. ამ რეგიონებში ადვოკატების შრომის ანაზღაურებას სახელმწიფო უზრუნველყოფდა – ერთ-ერთი ასეთი ოფისი თბილისში მდებარეობს.
პოლიციის ოფიცრებმა სასწრაფოდ უნდა შეატყობინონ დაკავებულების ოჯახებს მათი ადგილსამყოფელი; მაგრამ რეალობაში ეს მოთხოვნა ყოველთვის როდი სრულდებოდა და პოლიციის თანამშრომლები ხშირად არ აძლევდნენ დაკავებულებს ოჯახებთან დაკავშირების უფლებას.
ომბუდსმენის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ აგვისტოში გამოკითხული დაკავებულების ჯგუფიდან ბევრს არ შეატყობინეს მათი უფლებების შესახებ.
15 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში ეჭვმიტანილი 12 პირი 12 საათის განმავლობაში იყო დაკავებული შიდა ქართლის რეგიონალური პოლიციისა და პროკურატურის განყოფილებებში და მათთან არ შეუშვეს არც ადვოკატები და არც ომბუდსმენის წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც ამ საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერივნენ, დაკავებულთაგან 6 გაათავისუფლეს, თუმცა პოლიციაში ოფიციალურად რეგისტრირებული იყო მხოლოდ 4 პიროვნების დაკავების ფაქტი.
არანაირი შეტყობინება არ იყო შემოსული პოლიტიკური ნიშნით დაკავებების შესახებ.
წინასწარი დაკავება და შიდა პატიმრობა იმ ექვს შესაძლო აღკვეთის ღონისძიებას მიეკუთვნება, რომელიც ეჭვმიტანილის სასამართლოში გამოცხადებას უზრუნველყოფს. აპრილში ახალი კანონის მიღებამდე, დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად მხოლოდ წინასწარ პატიმრობას უფარდებდნენ, რომლის გახანგრძლივება სამთვიანი ინტერვალებით 9 თვემდე შეიძლებოდა. პრაქტიკულად კი, ეჭვმიტანილები წინასწარ პატიმრობაში ბევრად უფრო დიდხანს იმყოფებოდნენ, ვიდრე ეს კანონით იყო დაშვებული. ახალი კანონის თანახმად, წინასწარ პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალური პერიოდი 9 თვიდან 4 თვემდე შემცირდა. წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს უმაღლესი ინსტანციის სასამრთლოში. ახალი კანონის თანახმად, მაქსიმალური პერიოდი, რომელშიც უნდა ჩაეტიოს სასამართლო პროცესის ჩატარება და გადაწყვეტილების გასაჩივრება ყველანაირ ინსტანციაში 30 თვიდან 12 თვემდე შემცირდა.
გაეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საანგარიშო წლის დასაწყისში სასამართლოები და პროკურორები თითქმის ყოველთვის მხოლოდ წინასწარ პატიმრობას უფარდებდნენ, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა.
შემცირდა დაკავებულების წინააღმდეგ პოლიციელების მიერ გამოყენებული ძალისმიერი ქმედებების რიცხვი წინასწარი პატიმრობის დროს, თუმცა იტყობინებიან, რომ გაიზარდა პოლიციელების მიერ ძალისმიერი ქმედებების ჩადენის რიცხვი პირების დაპატიმრების დროს (იხ. ნაწილი 1. გ.). თბილისის გარეთ მდებარე რეგიონებში წინასწარი დაკავების დაწესებულებებში კვლავაც იყენებდნენ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, რადგანაც თბილისთან შედარებით იქ ნაკლებად ხდებოდა ამდაგვარი დაწესებულებების მონიტორინგი.
საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის რეგიონში აფხაზეთის მილიციამ სულ მცირე 12 ქართველი დააპატიმრა, რომლებსაც ტყის უკანონო ჭრა ედებოდათ ბრალად. როგორც იტყობინებიან, აფხაზეთის თანამდებობის პირებმა თითოეულ დაკავებულს გათავისუფლების სანაცვლოდ 5 ათასი აშშ-ის დოლარის (9 ათასი ლარი) გადახდა მოსთხოვეს. წლის ბოლოსათვის დაკავებული პირები ისევ პატიმრობაში იმყოფებოდნენ.
ე. სამართლიანი, ღია სასამართლოს უარყოფა
კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, თუმცა აღმასრულებელთა ჯგუფი და ძალაუფლების მქონე გარე ინტერესები აგრძელებენ სასამართლოზე ზეწოლას. მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სასამართლოს აღმასრულებლები ხშირ შემთხვევაში მოქმედებენ როგორც პროკურორის გადაწყვეტილებების დამმოწმებლები და მიზანშეუწონლად იყენებენ ძალაუფლებას. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ამჟამინდელ სასამართლო მოხელეებს არ გააჩნიათ საჭირო გამოცდილება და ცოდნა იმისათვის, რომ შეძლონ დამოუკიდებელად მოქმედება. გარდა ამისა, საპრეზიდენტო და აღმასრულებელი წრეების წარმომადგენელთა, და ასევე გენერალური პროკურორის არსებობა იუსტიიციის უმაღლეს საბჭოში მნიშვნელოვნად ასუსტებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. 2004 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე პრეზიდენტს მიენიჭა მოსამართლეთა დანიშვნა-მოხსნის უფლებამოსილება პარლამენტის ან სხვა უწყების თანხმობის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ისედაც სუსტი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.
პროკურორების მიერ გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენის, სასამართლო ფუნქციების გაკონტროლების, გადაჭარბებული ზეწოლის გამოვლინების შესახებ გაკეთებული განცხადებები შემცირდა, თუმცა პროკურორები კვლავაც განაგრძობდნენ მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელებას მათთვის სასურველი შედეგების მისაღებად. აპრილში მიღებული კანონმდებლობის თანახმად ყველა ბრალდებული ვალდებულია სასამართლოს წინაშე დაამოწმოს წინასწარი პატიმრობის დროს მის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განაცხადი; წინააღმდეგ შემთხვევაში ამგვარი განაცხადები არ ჩაითვლება სამხილად. არასამთავრობოების განცხადებით, ხსენებულმა ცვლილებამ მცირე შედეგი გამოიღო, რაც ნაწილობრივ აიხსნება დაკავებულთა შიშით ანგარიშსწორების გამო, თუკი მისი ჩვენება არ იქნა დამტკიცებული სასამართლოს მიერ, ხოლო ბა წილობრივ ამის მიზეზია საზოგადოებრიობის ნაკლებად ინფორმირებულობა დაცვის ზემოთხსენებული მექანიზმის თაობაზე.
ადგილი ჰქონდა დაკავებულებზე ფიზიკური ზეწოლის მოხდენას მათგან სხვათა ბრალეულობის დამადასტურებელი ინფორმაციის მიღების მიზნით.
აგვისტოში ირაკლი სიორიძე, იუსტიციის სამინისტროს სასამართლო მოხელე, დააკავეს უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით. მრავალსაათიანი დაკითხვის მსვლელობისას რამოდენიმე სამართალდამცველი პერიოდულად სცემდა მას, იმისათვის რომ მას ჩვენება მიეცა გიორგი უსუფაშვილის წინააღმდეგ. სიორიძის თქმით ოფიცრებს უნდოდათ რომ მას ხელი მოეწერა განცხადებაზე, რომელშიც ლაპარაკი იყო უსუფაშვილის მიერ 111.000 აშშ. დოლარის (200.000 ლარი) მითვისებაზე. გამოძიება დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებაზე. წლის ბოლოსათვის სიორიძე კვლავაც ციხეში იმყოფებოდა სასამართლო პროცესის მოლოდინში.
სისხლის სამართლის კოდექსში ივლისში შეტანილი ცვლილება ასუსტებს მოწმეთა ხელშეუხებლობას ცვლილება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით იმ მოწმეთა მიმართ, რომლებიც შეცვლიან ან უკან წაიღებენ მათ მიერ პოლიციისათვის თავდაპირველად მიცემულ ჩვენებას. არასამთვრობოები თვლიან, რომ ამ ცვლილების გამო მოწმეები ნაკლებად მოისურვებენ მათი თავდაპირველი ჩვენების შეცვლას, რომლის მიცემაც მოუწიათ პოლიციის ზეწოლის ქვეშ და პოლიციისავე ინტერესების გათვალისწინებით.
კანონის თანახმად იუსტიიციის უმაღლესი საბჭო არის თვითმმართველობითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სასამართლო სისტემას, ასრულებს პრეზიდენტის მრჩეველი ორგანოს როლს და მუშაობს იმ საკითხებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასა და სამართლის დადგენის შესაძლებლობაზე. საბჭოში შედის 12 წევრი, ხელისუფლების ყოველი განშტოებიდან 4 შერჩეული წარმომადგენელი. დეკემბრის თვეში მიღებული იქნა ცვლილება (ძალაში შევა 2006 წელს) იუსტიიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 12-დან 18-მდე გაზრდის თაობაზე.
იუსტიიციის უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს სამიარუსიან სასამართლო სისტემას, რომელიც შედის რაიონული / ქალაქის სასამართლოები, სააპელაციო სასამართლოები, ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოები (რომლებიც შესაბამის ტერიტორიულ ერთეულზე ასრულებენ სააპელაციო სასამართლოს ფუნქციას) და უზენაესი სასამართლო. სისტემის რეორგანიზაცია განხორციელდა ივლისის თვეში კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად. სისტემის ქვედა საფეხურზე რაიონული / ქალაქის სასამართლოები, რომლებიც განიხილავენ რიგით, კრიმინალურ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქამეებს. შემდეგი დონე უკავიათ სააპელაციო სასამართლოებს რომლებიც მათი წინამორბედებისაგან განსხვავებით ასრულებენ მხოლოდ სააპელაციო ფუნქციებს. უზენაესი სასამართლო მოქმედებს როგორც საბოლოო ინსტანციის სასამართლო (ან როგორც საკასაციო სასამართლო); იგი აღარ ასრულებს დამატებით ფუნქციებს.
კონსტიტუციური სასამართლო განიხილავს სამთავრობო განშტოებებს შორის დავებს და ადამიანის უფლებათა დარღვევის საჩივრებს; იგი ძირითადად დემონსტრირებას უკეთებდა სამართლებრივ დამოუკიდებლობას. კონსტიტუციური განხილვის უფლებამოსილება ეკუთვნის მხოლოდ კონსტიტუციურ სასამართლოს. სასამართლო საკმაოდ ვიწროდ განიხილავდა ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს და თანხმდებოდა მხოლოდ იმ საქმეების წარმოებაზე, რომლებიც ეხებოდა ადამიანის უფლებების დარღვევას კანონის კონკრეტული მუხლების შედეგად.
სასამართლო პროცედურები
ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს ღია სასამართლო, თუმცა პროცესში არ მონაწილეობდნენ ნაფიცი მსაჯულები. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გარკვეული სახის დანაშაულებების განხილვისას 2006 წლიდან გამოყენებული იქნება ნაფიც მსაჯულთა სისტემა.
ბრალდებულს უფლება აქვს დაესწროს მის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს, თუმცა ადვოკატისაგან კონსულტაციების მიღება შეზღუდული იყო. თუ პიროვნება დაკავებულია და მას ფორმალურად არ აქვს წაყ |