16 ივლისი, 2007 წ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის შონ მაკკორმაკის განცხადება
გაეროს ანგარიში საქართველოს კოდორის ხეობაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ
მივესალამებით გაეროს დამკვირვებელთა მისიის ძალისხმევას შეესწავლა და მოემზადებინა ანგარიში 11 მარტს აფხაზეთის რეგიონის კოდორის ხეობაში საქართველოს ადმინისტრაციის შენობასა და მიმდებარე სოფლებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. ჩვენ ვგმობთ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ამ ძალადობრივ თავდასხმას. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მომავალში მსგავსი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.
ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს მიერ თავდასხმის მომენტში და შემდგომ გამოჩენილ თავშეკავებას და გაეროს დამკვირვებელთა მისიასთან სრულ თანამშრომლობას გამოძიების პროცესში. კონფლიქტის მხარეებს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ განაგრძონ გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება ნდობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, რომლებიც ასევე გულისხმობს პირდაპირი დიალოგის განახლებას უმაღლეს დონეზე. იმედი გვაქვს, ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას საქართველოს საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით.
|