ბატონო თავმჯდომარევ, კომიტეტის წევრებო,
ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე ყოფნა და საქართველოში ელჩობაზე ჩემი კანდიდატურის განხილვა. პრეზიდენტ ბუშისა და სახელმწიფო მდივან რაისის მიერ ამ მისიისთვის ჩემი შერჩევა დიდი პატივია ჩემთვის. საქართველო პრეზიდენტის დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგში პირველ ადგილს იკავებს. იგი არის მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევა შეუძლია ტრანსფორმაციულ დიპლომატიას. ბატონო თავმჯდომარევ, საქართველოში ვარდების რევოლუციის წარმატებაში თქვენმა და კონგრესის მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. თუ ჩემი კანდიდატურა ამ მისიაზე დამტკიცდება, მჭიდროდ ვითანამშრომლებ თქვენთან და კომიტეტის წევრებთან, რათა ვარდების რევოლუციის დაპირებების სისრულეში მოყვანა უზრუნველვყო.
მსურს წარმოგიდგინოთ ჩემი მეუღლე – მარიელა, რომელიც ბიოსტატიკოსისა და მედ-დის პროფესიის შესრულების პარალელურად დიპლომატიურ სამსახურში 33-წლიანი კარიერის მანძილზე ჩემი პარტნიორი გახლდათ. ჩემს გვერდით იმყოფებიან აგრეთვე ჩემი ქალიშვილი ქეთლინი და მისი მეუღლე ენდი ჰოროვიცი. ბატონო თავმჯდომარევ, მინდა აგრეთვე აღვნიშნო, რომ თუ ჩემი კანდიდატურა ამ მისიაზე დამტკიცდება, მე შევეცდები დავიკავო დიპლომატიურ სამსახურში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი დიპლომატის, დიკ მაილსის ადგილი. მრავალი წლის წინ, მისი წასვლის შემდეგ, მე დავინიშნე მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მოსკოვში და ახლაც, მისი წასვლის შემდეგ პატივი მაქვს ვიმუშაო ამ ახალ და მნიშვნელოვან მისიაზე.
ბატონო თავმჯდომარევ, საქართველო უზარმაზარი წარმატების შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს. 2003 წლის ნოემბერს ქართველი ხალხი წინ აღუდგა კორუფციასა და კლანურ სისტემას, რომლებიც ძირს უთხარიდნენ მათ ქვეყანას. მას შემდეგ საქართველომ უაღრესად მოკლე დროში დაუჯერებელ წარმატებებს მიაღწია. თვის დასაწყისში თბილისში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ბუშმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ სააკაშვილის შთამბეჭდავ მიღწევებს. საქართველოს ბევრი რამ აქვს საამაყო.
ამავე დროს, ბატონო თავმჯდომარევ, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. პირველ რიგში, საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული სტრუქტურების შენება და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა. ეს არის ნომერ პირველი საკითხი, რათა ვარდების რევოლუცია ურყევი გავხადოთ.
საქართველო არის მნიშვნელოვანი მოკავშირე ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულ გლობალურ ომში და აგრეთვე ერაყის განთავისუფლების ოპერაციებში. არსებითი მნიშნელობა აქვს ამ თანამშრომლობაზე დაყრდნობით საქართველოს დახმარებას, რომელიც ცდილობს მოძებნოს მჭიდრო კავშირები ნატოსთან და ევროკავშირთან.
თუ დამტკიცდება ჩემი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე, მსურს დავეხმარო საქართველოს სხვადასხვა გზების განსაზღვრაში, რათა მან წარსულის პრობლემები უკან მოიტოვოს. მჯერა, რომ საქართველოსა და რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი, კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარება, რომელიც ურთიერთპატივისცემას, საერთო ეკონომიკურ ინტერესებსა და ორმხრივი უსაფრთხოების პრინციპებს დაეყრდნობა. საქართველოს და რუსეთს დღეს შესაძლებლობა მიეცათ გამოძებნონ გზები საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანისათვის. მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ხელი შევუწყო ორივე მხარეს, რომ ეს შესაძლებლობა რეალობად აქციონ.
იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მთელს ტერიტორიაზე საყოველთაო კონტროლის განხორციელება, რათა მან უზრუნველყოს ქვეყნის საზღვრებისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება. თბილისში ყოფნისას პრეზიდენტმა ბუშმა საკმაოდ ნათლად აღნიშნა, რომ უკვე დროა მოგვარდეს სეპარატისტული კონფლიქტები საქართველოში. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხის ერთადერთი გამოსავალი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაა, მაგრამ სტატუს ქვო არ უნდა იქნას შენარჩუნებული.
1991 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო და დღეს აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ საქართველოს წინსვლის მხარდაჭერა, რათა გავამყაროთ მისი დემოკრატიული ძალისხმევა. ვიმედოვნებ, რომ მალე დაიდება ათასწლეულის გამოწვევის დახმარების შეთანხმება, რომლის მიზანია სიღარიბის შემცირება და ეკონომიკის გაუმჯობესება. ეს შეთანხმება საქართველოს პოტენციალისადმი ჩვენი ნდობის ნათელი მაგალითია.
მინდა აგრეთვე ავღნიშნო, რომ შეერთებული შტატები დიდად აფასებს აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგო დერეფანში საქართველოს ცენტრალურ როლს. ჩვენ ვამაყობთ ამ მიზნის მისაღწევად საქართველოსთან დამყარებული ხანგრძლივი პარტნიორობით.
ბატონო თავმჯდომარევ, საქართველოსთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში კიდევ მრავალი სხვა საკითხია. თუ დამტკიცდა ჩემი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე, ყველაფერს ვიღონებ იმასათვის, რომ ხელი შევუწყო საქართველოში ამერიკის ინტერესების განვითარებას.
გმადლობთ ჩემი კანდიდატურის განხილვისათვის და მზად ვარ ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს.
ამოსაბეჭდი ფორმატი
|