თბილისი - 26 ივნისს 18:00 საათზე აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა გახსნიან გამოფენას “XI-XVI საუკუნეების ქართული ისტორიული დოკუმენტები” (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი, 1/3 კეკელიძის ქუჩა).
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იმ ისტორიული დოკუმენტების ნაწილი, რომელთა დიგიტალიზაცია მოხდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აშში-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის დაფინანსებით. ექსპოზიციის გახსნაზე ასევე წარმოდგენილი იქნება XI-XVI საუკუნეების ქართული ისტორიული დოკუმენტების მონაცემთა ბაზა.
2005 წელს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შეიქმნა პროექტი “XI-XVI საუკუნეების ქართული ისტორიული დოკუმენტების დიგიტალიზაცია და ტექსტურ მონაცემთა ბაზის შექმნა”. პროექტმა მოიპოვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ჯილდო. პროექტის შედეგად შეიქმნა ხელნაწერი დოკუმენტების ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რაც საშუალებას მისცემს შუა საუკუნეების ქართული დოკუმენტური წყაროებით დაინტერესებულ პირებს, მეცნიერებსა და სტუდენტებს, ისარგებლონ დოკუმენტთა ორიგინალების ელექტრონული ვერსიით და მათი ბეჭდური ასლებით. ამავე დროს მონაცემთა ბაზის არსებობა ხელს შეუწყობს ორიგინალების დაცვასა და შენახვას ოპტიმალურ პირობებში.
პროექტი ქართული ისტორიული დოკუმენტების დიგიტალიზაციის პირველი ცდაა. მის ფარგლებში შესრულდა 300-მდე დოკუმენტის დიგიტალიზაცია. პროექტისათვის მომზადებული პროგრამა საშუალებას იძლევა დიგიტალიზაციის სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდეს.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება ხელნაწერი დოკუმენტების მდიდარი კოლექციები, რომლებშიც დაცულია მრავალფეროვანი ინფორმაცია შუა საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური ისტორიის და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ. ასევე საინტერესოა ეს კოლექციები ქართველი და კავკასიის რეგიონის სხვა ხალხების ურთიერთობების შესასწავლად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი საშუალებას აძლევს აშშ-ის ელჩებს გარკვეულ ქვეყნებში, წარადგინონ პროექტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ადგილობრივი კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მხარდაჭერისათვის. ფონდის დაფინანსებით აშშ-ის საელჩომ საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის პროექტი განახორციელა.
ამოსაბეჭდი
ფორმატი
|