2006 წლის 23 აგვისტოს, ოთხშაბათს, აშშ-ს სენატორი რიჩარდ ლუგარი და ჯანდაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან არსებულ ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგურსა და ინფექციურ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების მუზეუმ-საცავს დაათვალიერებენ.
სენატორ ლუგარის საქართველოში სტუმრობა ხუთი ქვეყნისაგან შემდგარი ვიზიტის ნაწილია. საქართველოში ყოფნისას სენატორი ეწვევა ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში აშენებულ და აღჭურვილ ობიექტებს. ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამა შეიქმნა ნან-ლუგარის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და ითვალისწინებს ქვეყნების ფინანსურ, საექსპერტო და ტექნიკურ დახმარებას საშიში ბიოლოგიური, ქიმიური და ატომური მასალის იდენტიფიცირებისა და კონტროლის მიზნით. ნან-ლუგარის საკანონმდებლო აქტი სენატორმა ლუგარმა და ყოფილმა სენატორმა სემ ნანმა 1991 წელს შეიმუშავეს.
თბილისში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან არსებული ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგური საქართველოში საშიშ დაავადებათა გამომწვევი აგენტების აღმოჩენისა და რეაგირების სისტემის ერთ-ერთი სამოდელო სადგურია. აღნიშნული სისტემა გახლავთ ინფექციურ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის, დიაგნოსტიკის, მასზე რეაგირებისა და ეპიდემიების შესახებ ინფორმაციის გავრცელების სისტემა. ეს სისტემა შედგება მთელს საქართველოში განლაგებული დიაგნოსტიკური ლაბორატორიების ქსელისაგან. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან არსებული ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგური ამ სისტემის მეორე იერარქიულ დონეს წარმოადგენს. პირველადი დიაგნოზის დასმის შემდეგ ეპიდემიების გავრცელების აღკვეთის მიზნით ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგური მონაცემებსა და პათოგენების შტამებს გაადააგზავნის ცენტრალურ რეფერენს-ლაბორატორიაში, სადაც შესაძლებელია პათოგენების ანალიზის გაკეთება, დადასტურება და უსაფრთხოდ შენახვა.
ნან-ლუგარის დაფინანსების შედეგად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ეპიდემიოლოგიური ლაბორატორიები. აღნიშნული ლაბორატორიები აკმაყოფილებს ბიო-უშიშროების, ბიო-უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით სტანდარტებს. ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგურის თანამშრომელთა შორის არიან ისეთი ეპიდემიოლოგები და ლაბორანტები, რომელთაც საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მნიშვნელოვან ბიოლოგიურ პათოგენებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ. თანამშრომლები მომზადებულნი არიან და გააჩნიათ არსებული ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენების მოწმობა. ისინი იცავენ ბიო-უშიშროებისა და ბიო-უსაფრთხოების საერთაშორისო მკაცრ სტანდარტებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი აშშ-ში არსებულ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანალოგიურია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვანი მექანიზმია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად როგორც საქართველოში, ასევე კავკასიაში და საერთაშორისო მასშტაბით. ის იმ ლაბორატორიებისა და დაწესებულებების მსოფლიო ქსელის ნაწილს წარმოადგენს, რომელთაც შეუძლიათ იმ საშიში დაავადებების დადგენა და ანალიზი, რომლებიც საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ერთადერთია კავკასიაში, სადაც შესაძლებელია მოსახლეობაში ფრინველის გრიპის, ციმბირის წყლულისა და სხვა საშიში პათოგენების შემთხვევათა გამოვლენა და მათზე რეაგირება. ეს შესაძლებლობა საქართველოს საშუალებას აძლევს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონალურ და მსოფლიო ჯანდაცვაში.
30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკვე ინვესტირებულია იმისათვის, რომ საქართველოში გაიზარდოს დაავადებათა ეპიდემიის სწრაფი დიაგნოსტიკისა და მათი გამომწვევი პათოგენების უსაფრთხოდ შენახვის შესაძლებლობები. 60 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიცია მოხმარდება ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორიის მშენებლობას. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია ალექსეევკაში იქნება საიმედოდ დაცული შენობა დაავადებათა კვლევისათვის.
ამოსაბეჭდი
ფორმატი
|