თბილისი – აშშ-ს ელჩი ჯონ ტეფტი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამართავენ პრესკონფერენციას და აღნიშნავენ პოლიციის მობილური ჯგუფებისათვის საკომუნიკაციო სისტემის დამონტაჟების დასრულებას. მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საპილოტო პროექტი საშუალებას მისცემს საპატრულო პოლიციას ქ. თბილისის ქუჩებში გადაადგილებისას რეალურ დროში საპატრულო მანქანაში დამონტაჟებული კომპიუტერის საშუალებით მოიპოვოს ინფორმაცია ავტომანქანისა და მძღოლის შესახებ სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან. პროექტის ფარგლებში მოხდა სამინისტროს მონაცემთა ბაზის განახლება, რაც პოლიციას საშუალებას მისცემს სწრაფად და ზუსტად დაადგინოს მოპარული ავტომანქანების ადგილმდებარეობა და დახმარება აღმოუჩინოს მძღოლებს.
პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდმაცავი სტრუქტურების დახმარების საერთაშორისო ბიუროს მიერ. მას ახორციელებს კონტრაქტორი ორგანიზაცია იუ-ჯი-თი (UGT) შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. სისტემა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოიცავს უახლეს ტექნოლოგიებს, სერვერებს, კომპიუტერებს, საკომპიუტერო პროგრამებს, და სრულიად ახალ მონაცემთა ბაზას. ამჟამად დასრულდა პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი დაფინანსდება ერთი მილიონი აშშ დოლარით და მისი დასრულების შემდეგ გაფართოვდება მონაცემთა ბაზის არეალი საქართველოს მასშტაბით. მონაცემთა ბაზას ასევე დაემატება ინფორმაცია სისხლის სამართლის დამნაშავეთა და დანაშაულში ეჭვმიტანილ ძებნილ პირთა შესახებ. 2001 წლიდან დღემდე აშშ-ს მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის დახმარებისათვის 19 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
ამოსაბეჭდი
ფორმატი
|