აშშ-ის ელჩი ბატონი ჯონ ტეფტი სიტყვით გამოდის სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამის დასრულების ცერემონიალზე
2007 წლის 17 ივნისს, აშშ-ის ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი დაესწრო საქართველოს თავდაცვისა და სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამის მეორე გამოშვების (SSOP2) საზეიმო ცერემონიალს. ცერემონიალს აგრეთვე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვერა ძნელაძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმირ ჩაჩიბაია და საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები. პროგრამის კურსდამთავრებულები არიან საქართველოს მეორე და მესამე ბრიგადის წევრები, რომელთაგან ბევრი ჯარისკაცი ამ ზაფხულს ერაყში გაემგზავრება კოალიციის ძალებთან ერთად სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. კრწანისის სასწავლო ცენტრში წვრთნებს ატარებდა ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორთა სპეცჯგუფი.
მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა ტეფტმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობას სხვადასხვა სფეროში. მისი თქმით, გამოსაშვები ცერემონიალი მიუთითებს არა მხოლოდ ქართველი ჯარისკაცების, არამედ ამერიკელი ინტრუქტორების წარმატებაზეც.
ქართველ ჯარისკაცეებთან საუბრისას, ელჩმა აღნიშნა, რომ ისინი მხად არიან შეუერთდნენ საერთაშორისო კოალიციას, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მშვიდობის შენარჩუნებას და საყოველთაო ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. “ბევრი თქვენგანი მალე გაემგზავრება ერაყსა თუ სხვა ადგილებში და კოლეგებთან ერთად მრავალეროვანი კოალიციის ფარგლებში შეასრულებს მსოფლიოსათვის უმნიშვნელოვანეს მისიას. იმედი გვაქვს, რომ ამ ტრეინინგმა თქვენ სათანადოდ მოგამზადათ ამ მნიშვნელოვანი და რთული დავალების შესასრულებლად.” ელჩმა ტეფტმა აგრეთვე ხაზი გაუსვა ამერიკელი ინტრუქტორების როლს ჯარისკაცების მომზადებაში.
ამ გამოსაშვები ცერემონიალით დასრულდა სტაბილურობის შენარჩუნების პროგრამა-2, რომლის ფარგლებშიც ამერიკელმა ინსტრუქტორებმა 2500 ქართველი ჯარისკაცი მოამზადეს. ელჩმა ტეფტმა განაცხადა, რომ “ეს პროგრამა დაეხმარა საქართველოს მთავრობასა და სამხედრო ხელმძღვანელობას, მოემზადებინა პროფესიული არმია და ღირსეული ადგილი დაეკავებინა სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალებისა და მრავალეროვანი კოალიციის გვერდით ერაყსა თუ კოსოვოში... საქართველო დღეს მზადაა, დაიკავოს თავისი ადგილი ნატოს მოკავშირე ქვეყნებთან ერთად და თავისი წვლილი შეიტანოს საფრთხეებით აღსავსე დღევანდელი მსოფლიოს დაცვის საქმეში”
|