მასკელი პარლამენტარი უხსნის UGRAD პროგრამის კურსდამთავრებულებს,
თუ “როგორ მუშაობს პარლამენტი”
25 მაისს UGRAD პროგრამის კურსდამთავრებულები IREX-მა საქართველოს პარლამენტში სემინარზე მიიწვია. ღონისძიებას მასპინძლობას უწევდა პარლამენტარი და მასკის პროგრამის კურსდამთავრებული ლევან მეტრეველი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ლაშა ჩხარტიშვილი (UGRAD‘06), მონიკა კალანდია (UGRAD‘06), თათა ბალავაძე (UGRAD‘06), ნინო ბუთხუზი (UGRAD‘06), სალომე ქუსიკაშვილი (UGRAD‘06), ანა მეტრეველი (UGRAD‘07), თამთა ბისეიშვილი (UGRAD‘07), თამარ გიორგაძე (UGRAD‘07), გიორგი საბედაშვილი (UGRAD‘07) და IREX-ის თანამშრომლები.
როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, მეტრეველი მუშაობს საქართველოში ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარებაზე. მან ისაუბრა საქართველოში კანონ-შემოქმედების პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრობა ბევრად უფრო რთული და საპასუხისმგებლო საქმე აღმოჩნდა, ვიდრე მას წარმოიდგენდა. ლევანის აზრით, ამავდროულად პარლამენტარობა საამაყო საქმეა, რადგან ის უშუალოდ ჩართულია ქვეყნის განვითარების პროცესში. სემინარის დასრულების შემდეგ გაიმართა ღია დისკუსია, რომლის დროსაც ღონისძიების მონაწილეებს შეეძლოთ მიეღოთ პასუხი სხვადასხვა სფეროში რეფორმების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე. მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულები ყოველთვის არ იზიარებდნენ რეფორმების მეტრეველისეურ აღქმას, ყველა ერთხმად აღნიშნავდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პრობლემების განხილვა. ლევან მეტრეველმა დარწმუნებით აღნიშნა, რომ სწორედ ახალმა თაობამ უნდა შეიტანოს წვლილი ამ რეფორმების წარმატებით დასრულებაში.
ლევან მეტრეველმა ასევე ისაუბრა მასკის პროგრამის ფარგლებში ემორის უნივერსიტეტში მიღებულ გამოცდილებაზე. მეტრეველმა აღნიშნა: “ამერიკის საგანმანათლებლო სისტემა პრაქტიკაზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით სამაგისტრო სწავლება. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რომელ უნივერსიტეტში იღებ განათლებას, რადგანაც ყველა უნივერსიტეტში სწავლების მაღალი დონეა. როცა აშშ-ის უნივერსიტეტის მაგისტრატურას ამთავრებ, შენ უკვე შენი საქმის პროფესიონალი ხარ”. მეტრეველმა ასევე ხაზი გაუსვა ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მნიშველობას, რამდენადაც ამ პროგრამების კურსდამთავრებულნი მოღვაწეობენ ყველა სფეროში და იღწვიან საქართველოს განვითარებისათვის.
|