ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი და გალერეა არსი მასპინძლობენ გამოფენას “ამერიკის გზისპირა არქიტექტურა”
15 მაისს, 17 საათზე გალერეა არსი უმასპინძლებს ფოტო გამოფენას “ამერიკის გზისპირა არქიტექტურა”, რომლის ორგანიზატორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და საქართველოს არქიტექტორთა კავშირი. გამოფენა მოიცავს ცნობილი ამერიკელი არქიტექტურის მკვლევარის ჯონ მარგოლისის წიგნებიდან გადმოტანილ 56 ფოტოს, რომლებზეც აღბეჭდილია ამერიკის ადრეული ბენზინ-გასამართი სადგურების, გზისპირა დასასვენებელი ადგილების, რესტორნებისა და სასადილოების არქიტექტურა.
25 წლის განმავლობაში ჯონ მარგოლისი მოგზაურობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ფოტოკამერის მეშვეობით ისტორიას შეუნარჩუნა ამერიკულ კომერციაში არსებული ძველი ტრადიციები. ფოტოებზე აღბეჭდილი ამერიკის არქიტექტურული ნაგებობების დიზაინი ძალიან თავისებური და განუმეორებელია. მიზანი იყო მოგზაურებისა და ტურისტების მოზიდვა და ამავე დროს იმდროინდელი ამერიკული კულტურისა და ხასიათის ასახვა.
ამერიკის გზისპირა არქიტექტურის ფოტოები გამოფენილი იყო კიევში, ეკატერინბურგში, პერმში, ვლადივოსტოკსში, ათენში, პრაღაში, ანკარაში, პარიზში, ზაგრებში, ტალინში, ასევე UNESCO-ს შტაბ-ბინაში პარიზში.
ჯონ მარგოლისმა თავისი საარქიტექტურო კარიერის მანძილზე დააგროვა უამრავი ვიდეო და ფოტო დოკუმენტაცია და აგრეთვე გამოსცა ბევრი წიგნი და პუბლიკაცია არქიტექტურის ისტორიის შესახებ. მისი ყოველწლიური ლექციები ნიუ-იორკის არქიტექტორთა ლიგაში და ლონდონის სამეფო არქიტექტურულ საზოგადოებაში, როგორც წესი, დიდი ინტერესით სარგებლობს.
ამერიკის გზისპირა არქიტექტურის ფოტოები გამოფენილი იქნება თბილისში გალერეა არსში 15-დან 22 მაისამდე. შემდეგ დაგეგმილია ფოტოების გამოფენა საქართველოს სხვადახვა ქალაქებში:
თელავი 24 მაისიდან - 29 მაისამდე
ქუთაისი 31 მაისიდან 6 ივნისამდე
ბათუმი 8 ივნისიდან - 17 ივნისამდე
ფოთი 19 ივნისიდან - 24 ივნისამდე
ზუგდიდი 26 ივნისიდან – 29 ივნისამდე
ფოტოგამოფენის პროგრამით გათვალისწინებულია ლექციები ამერიკის არქიტექტურის შესახებ, რომელსაც წაიკითხავს იელის უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლის ფულბრაიტის პროფესორი, დოქტორი ელენე კილაძე.
|