ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები მონაწილეობენ სამოქალაქო სექტორის გამოფენა-ფორუმში
ამა წლის 4-5 მაისს, დიდუბის საგამოფენო დარბაზმა “ექსპო-ჯორჯია” უმასპინძლა რიგით მეორე საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოფენა-ფორუმს. ფორუმის ძირითადი მხარდამჭერები იყვნენ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ფონდი ღია საზოგადოება–საქართველო (OSGF) და ევრაზიის ფონდი.
გამოფენა-ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოში არსებულმა 70-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, რომელიც ახორციელებს დემოკრატიის კომისიის საგრანტო პროგრამას არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მოხარულია რომ ფორუმში მრავლად იყვნენ წარმოდგენილი საგრანტო პროგრამის ძველი და ახალი გამარჯვებულები. ესენია: საქართველოს გაეროს ასოციაცია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, ფონდი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ორგანიზაცია პარტნიორები-საქართველო, საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის განვითარებისათვის, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი და გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრი.
გამოფენა-ფორუმს ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, მედია, სხვადასხვა საელჩოების, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ორი დღის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას აცნობდნენ თავიანთ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებს. გამოფენა-ფორუმმა წარმოაჩინა საქართველოს არასამთავრობო სექტორის სიძლიერე და მისი განვითარების პოტენციალი. აღნიშნული ფორუმი არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და დემოკრატიის განვითარების გზაზე, რაც ამერიკის საელჩოს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში.
|