ზუგდიდში სერგეი პროკუდინ-გორსკის გამოფენა იხსნება
29 აპრილს, ამერიკის ელჩმა ჯონ ტეფტმა, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ბატონმა გიორგი გაბაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა ზაზა გოროზიამ გახსნეს ფოტოგამოფენა “ფერადი წარსული: სერგეი პროკუდინ-გორსკის 100 ფოტო”. დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსში გამოფენა ა/წ 28 მაისამდე გაგრძელდება.
საქართველოში პროკუდინ-გორსკის უნიკალური ფერადი ფოტოების გამოფენა პირველად თბილისში ჩატარდა 2007 წლის იანვარში TBC ბანკის გალერეაში. ფოტოსურათები ასახავს მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსეთის იმპერიის ყოველდღიურ ცხოვრებას. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ასახულია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ბუნება, ადგილობრივი ჩაცმულობა, სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. ფოტოები გადაღებულია 1909-1915 წლებში პროკუდინ-გორსკის მოგზაურობისას საქართველოში.
ფოტოგამოფენა “ფერადი წარსული: სერგეი პროკუდინ-გორსკის 100 ფოტო” აშშ-ის საელჩოს, საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის, დადიანების სასახლე-მუზეუმის, დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის და თავად დადიანების შთამომავალთა კავშირის თანამშრომლობის შედეგია.
ორიგინალური ფერადი ფირფიტები, რაზეც ფოტოები იბეჭდებოდა, კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული.
ბიბლიოთეკამ ამერიკელ სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა მეთოდი, რომლითაც შესაძლებელი გახდა გორსკის შუშის ფირფიტების ფერად ციფრულ ფორმატში გადატანა, ფოტოსურათების რეპროდუქცია და გავრცელება. აქედან შუშის 4 ფირფიტა ზუგდიდში, დადიანების სასახლე-მუზეუმშია დაცული.
ფოტოგამოფენა “ფერადი წარსული: სერგეი პროკუდინ-გორსკის 100 ფოტო” ზუგდიდში ფართოდ გააშუქეს სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიებმა. ყოველდღიურად ნიკოს სასახლე მრავალ მნახველს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მასპინძლობს.
|