აშშ-ს ელჩის მოადგილე მარკ პერი ბათუმის ამერიკის კუთხეში სტუდენტებს ხვდება
აშშ-ს ელჩის მოადგილე მარკ პერი 6-8 სექტემბერს ეწვია სამეგრელოს, აჭარასა და იმერეთს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების გასაცნობად. იგი ასევე შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ბათუმში ამერიკის კუთხეში მარკ პერი ახალგაზრდა აუდიტორიას ესაუბრა ამერიკელი და ქართველი ხალხის საერთო ფასეულობებზე. მისმა გამოსვლამ გამოიწვია ცოცხალი დისკუსია ისეთ თემებზე, როგორიცაა ამერიკული ფასეულობები, გლობალური ომი ტერორიზმის წინააღმდეგ და მშვიდობის დამყარების გზები ახლო აღმოსავლეთში. მარკ პერის პრეზენტაცია ამერიკის კუთხეში აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების პროგრამამ იმავე საღამოს გააშუქა. ელჩის მოადგილე მარკ პერი ასევე ესაუბრა ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მედიის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შესახებ.
ელჩის მოადგილე მარკ პერი ასევე შეხვდა ზუგდიდისა და ბათუმის ოფიციალურ პირებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და განიხილა საქართველოში მიმდინარე რეფორმები. იგი ესტუმრა აჭარისა და იმერეთის იმ ობიექტებს, სადაც აშშ-ს მთავრობა უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის პროექტებს ახორციელებს. Mმან მოინახულა სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი აჭარაში, სადაც აშშ-ს დახმარებით მოხდა კომპიუტერებისა და ასაფეთქებელი ნივთიერების დეტექტორების დამონტაჟება საზღვრის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. მან ასევე მოინახულა ბათუმის გემსაშენი, სადაც აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს სანაპირო საპატრულო გემის რეკონსტრუქცია. ქუთაისში ელჩის მოადგილე მარკ პერიმ მოინახულა UშAID-ს ადგილნაცვალ პირთა განსახლების პროექტი და ხიდისა და გზის რეაბილიტაციის პროექტი ოდილაურში, რომელიც დაფინანსებულია თემის ეკონომიკური განვითარების UშAID-ს პროგრამის ფარგლებში.
|