მშვიდობის კორპუსი საქართველოში მოხალისეთა მეექვსე ნაკადს მიიღებს
თბილისი – 2006 წლის 18 აგვისტოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ პერიმ მშვიდობის კორპუსის 48 მოხალისის ფიცი ჩაიბარა. ფიცის დადება აშშ-ს მშვიდობის კორპუსის მრავალწლიანი ტრადიციაა. ამ დღეს მშვიდობის კორპუსის კანდიდატები, რომლებმაც მოსამზადებელი ტრენინგი გაიარეს საზეიმო ფიცს დადებენ და მშვიდობის კორპუსის მიხალისეები გახდებიან. ცერემონიას გაუძღვა საქართველოში მშვიდობის კორპუსის დირექტორი ქ-ნი ქეთლინ საიფერი. პროფესიულმა ფოლკლორულმა ანსმბლმა შეასრულა ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები.
მოხალისეებმა უკვე გაიარეს ტრენინგი ქართულ ენასა და ტექნიკურ უნარ-ჩვევებში. მოსამზადებელი წვრთნის დროს ისინი ცხოვრობდნენ შიდა ქართლის რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში. ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ მოხალისეები განაწილდებიან აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში, სადაც ორი წლის განმავლობაში იმსახურებენ. 15 მოხალისე იმსახურებს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში, და 33 მოხალისე იმუშავებს ინგლისური ენის მასწავლებლად: მათ შორის 31 – საშუალო სკოლაში და 2 – უნივერსიტეტში.
აშშ-ის მშვიდობის კორპუსი უკვე 6 წელია საქართველოში მოღვაწეობს და საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის აქტიური მხარდაჭერით სარგებლობს. ამჟამად საქართველოში მშვიდობის კორპუსის 82 მოხალისე მსახურობს.
ამერიკის მშვიდობის კორპუსი 45 წლიან ისტორიას ითვლის. 1961 წლიდან დღემდე 182 000-ზე მეტი მოხალისე მსახურობდა 138 ქვეყანაში. მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან; მშვიდობის კორპუსში სამსახურის დაწყებისას მოხალისე მინიმუმ 18 წლის ასაკის უნდა იყოს. მშვიდობის კორპუსში სამსახური 27 თვის განმავლობაში ჭეშმარიტად თავდადებული შრომაა.
|