ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2006 წლის მოხსენება ადამიანებით ვაჭრობის შესახებ
გამოქვეყნებულია ადამიანებით ვაჭრობაზე დაკვირვებისა და მასთან ბრძოლის განყოფილების მიერ
5 ივნისი, 2006 წელი
საქართველო (2-ე კატეგორია)
საქართველო წარმოადგენს როგორც წყაროს, ისე სატრანზიტო ქვეყანას, საიდანაც და რომლის გავლითაც უკანონოდ მიჰყავთ ქალები, ბავშვები და კაცები მათი სექსუალური ექსპლუატაციისა და იძულებით შრომით საქმიანობაში ჩართვის მიზნით. ტრეფიკინგის ქართველ მსხვერპლთა უმრავლესობა თურქეთში გადაჰყავთ, რაც უმთავრესად დაკავშირებულია ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ უვიზო რეჟიმთან. უკრაინიდან, მოლდოვადან, რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან წამოყვანილი ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს გავლით გადაჰყავთ თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპაში. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ყოველწლიურად საზღვარგარეთ არალეგალურად სულ მცირე 500 ქართველი ქალი გადაჰყავთ. კვლავაც ვიღებდით ინფორმაციას ადამიანებით ვაჭრობის ფაქტების შესახებ თვით ქვეყნის შიგნითაც – რაც ამ პირების როგორც სექსუალური ექსპლუატაციის, ისე იძულებით შრომით საქმიანობაში ჩართვის მიზნით ხდება. როგორც იტყობინებიან, ტრეფიკინგის მსხვერპლი გადაჰყავთ აფზახეთის სეპარატისტულ რეგიონშიც, ხოლო რუსეთიდან საქართველოში და საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში ხალხის უკანონოდ გადასაყვანად ადამიანებით მოვაჭრეები შესაძლოა სამხრეთ ოსეთის რეგიონსაც იყენებდნენ.
საქართველოს მთავრობა ბოლომდე არ იცავს ადამიანებით ვაჭრობის აღმოფხვრისათვის დაწესებულ მინიმალურ სტანდარტებს; თუმცა, იგი მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს ამ სტანდარტების დაცვისაკენ. უნდა აღინიშნოს, რომ 2005 წელს საქართველოში გაიზარდა ადამიანებით მოვაჭრეების როგორც დაპატიმრების, ისე მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის ფაქტები. პრეზიდენტმა ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის საქმე გენერალურ პროკურატურას დაავალა; საანგარიშო პერიოდის დასასრულისათვის ამ უწყებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ძალისხმევა ტრეფიკინგთან ბრძოლის მხრივ. თუმცა, მთავრობამ ვერ შეძლო ადამიანებით მოვაჭრეების უკომპრომისო სისხლის სამართლებრივი დევნა და ვერ მიაღწია შესამჩნევ წინსვლას ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის საქმეში. მთავრობამ უნდა აამუშაოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა სპეციალურ დაწებულებებში გადაყვანის ეროვნული მექანიზმი – სადაც მათ კვალიფიციური დახმარება გაეწევათ, უნდა გაზარდოს გამამტყუნებელი განაჩენების რიცხვი ადამიანთა მოვაჭრეების წინააღმდეგ, სათანადო თავშესაფრით უზრუნველჰყოს ტრეფიკინგის მსხვერპლი და დააწესოს მოწმეთა დაცვის სისტემა, რომელიც იქნება მათი უსაფრთხოების გარანტი ჩვენებების მიცემის დროს. იმისათვის, რომ უფრო მეტმა დაზარალებულმა მიმართოს დახმარებას და შემცირდეს ტრეფიკინგის მსხვერპლთა სტიგმატიზაცია საქართველოში, საჭიროა მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეწოდებოდეს ადამიანებით ვაჭრობის პრობლემასთან დაკავშირებით.
დამნაშავეთა სისხლის სამართლებრივი დევნა
ერთის მხრივ, 2005 წელს საქართველოში გაიზარდა დამნაშავეთა დაპატიმრებებისა და აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რიცხვი, მაგრამ არ გაიზარდა დამნაშავეთა წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენების გამოტანის ფაქტები. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავებმა ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებით აღძრეს 27 სისხლის სამართლის საქმე, ხოლო სასამართლოში 9 საქმე გადასცეს – აქედან 3 საქმის სასამართლო განხილვის შედეგად გამოტანილი იყო გამამტყუნებელი განაჩენი ადამიანებით 9 მოვაჭრის წინააღმდეგ. ამ 9 მსჯავრდებულიდან ამჟამად მხოლოდ 2 ადამიანი იხდის სასჯელს: მათ მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. ოთხმა მათგანმა მოიხადა სასჯელი და გათავისუფლდა, ხოლო დანარჩენ სამ მსჯავრდებულს კი, პირობითი სასჯელი შეეფარდა. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ მუშაობდა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება – 29 ოფიცერი თბილისსა და 12 რეგიონში, ხოლო ერთი ქვეგანყოფილება კი, რომელიც აეროპორტში იყო განლაგებული, დღეში 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით მსახურობდა. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები იტყობინებოდნენ, რომ მათ ამ განყოფილებასთან კარგი სამუშაო ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ. მთავრობამ წარმატებულად შეიმუშავა ტრეფიკინგთან ბრძოლის კანონპროექტი – პროექტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებმაც კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნების მოწინავე გამოცდილება გაუზიარეს. 2006 წლის დასაწყისში პარლამენტმა ეს კანონი მეორე მოსმენით მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კვლავაც თანამშრომლობდა ქართველ მესაზღვრეებთან თურქეთის საზღვარზე ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის თემაზე შექმნილი საინფორმაციო ბროშურების გავრცელების მიზნით, 2006 წლის მარტის მდგომარეობით მხოლოდ რამოდენიმე ასეული ეგზემპლიარი თუ იყო დარიგებული. კვლავაც გვატყობინებდნენ ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებული კორუფციის ფაქტებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ტრეფიკინგის საქმეებში მონაწილეობის შესახებ. 2005 წლის თებერვალში ტრეფიკინგთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საქმეში მონაწილეობდა ერთ-ერთი თანამდებობის პირი, რომელთანაც დადებული იყო საპროცესო გარიგება – ამის შემდეგ იგი გათავისუფლდა. კვლავაც გრძელდებოდა საქმის გამოძიება საპასპორტო განყოფილების ერთ-ერთი მუშაკის წინააღმდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ადამიანებით ვაჭრობის პროცესს 2004 წელს, 2006 წლის მარტში ეს საქმე შემდგომი გამოძიებისათვის გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა.
ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვა
2005 წელს საქართველოს მთავრობამ ვერ მოახერხა ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა სათანადო დაცვა და მათთვის დახმარების გაწევა: მთავრობამ არ დააარსა თავშესაფარი დაზარალებულთათვის; მსხვერპლთა უმრავლესობა საქართველოში დაბრუნებისას ვერ იღებს საკმარის სარეაბილიტაციო და სხვა დახმარებას. იმის გამო, რომ არ ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, ცოტა მათგანს თუ გამოუთქვამს სურვილი ჩვენება მიეცა ადამიანებით მოვაჭრეების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებისა თუ სასამართლო პროცესის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი და საზღვრის დაცვის უწყებების წარმომადგენლები ოფიციალურად არ ახდენდნენ მგზავრების შემოწმებას ტრეფიკინგის პოტენციური მსხვერპლის გამოვლენის მიზნით, 2005 წელს მაინც უფრო მეტი მსხვერპლი იყო გამოვლენილი – 18 – ვიდრე წინა წელს, როდესაც ეს რიცხვი 15-ს შეადგენდა. მთავრობამ ვერ შექმნა ტრეფიკინგის მსხვერპლთა არასამთავრობო ორგანიზაციებში დახმარების მისაღებად გადაგზავნის ოფიციალური მექანიზმი, თუმცა 2005 წელს აჭარის პოლიციამ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმადაც უნდა განხორციელებულიყო ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოვლენისა და დასახმარებლად გადაგზავნის საპილოტო პროექტი. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელშეწყობით მესაზღვრეებმა თურქეთის საზღვარზე გახსნეს მოსაცდელი ოთახი, რომელიც ხელს უწყობს ტრეფიკინგის პოტენციური მსხვერპლის უკეთეს იდენტიფიკაციას.
დანაშაულის აღკვეთა
გასულ წელს ადამიანებით ვაჭრობის აღკვეთის პროგრამების განხორციელების საქმეში მთავრობა კვლავაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად იყო. 2005 წელს ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის ხელმძღვანელობა გენერალურ პროკურატურას დაევალა, ხოლო გენერალური პროკურორი ადამიანებით ვაჭრობის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს. ამ კომისიის მუშაობის შედეგად უფრო გამჭვირვალე გახდა პროკურატურის მიერ ამ მხრივ განხორციელებული სამართალდამცავი ქმედებები, რადგანაც განახლებული სტატისტიკური მონაცემები უკვე ორ თვეში ერთხელ ვრცელდებოდა – რაც შესაბამისობაში იყო მოქმედების გეგმასთან. თუმცა 2004 წლის დეკემბერში მიღებული მოქმედების ეროვნული გეგმა დიდწილად განუხორციელებელი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ როგორც იტყობინებიან, შარშან რამდენიმე სამინისტრომ თავიანთი ბიუჯეტებიდან გარკვეული სახსრები პირველადი დანიშნულებიდან მოხსნა და ტრეფიკინგთან ბრძოლაზე მიმართა, მთავრობას მოქმედების გეგმის განსახორციელებლად მაინც მოუწევს დაფინანსების გამოყოფა.
|