ჩვენ მკაცრად, მაგრამ ამასთანავე სამართლიანად ვახორციელებთ ვიზის გაცემის პროცესს, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოება. ამავე დროს, ჩვენ განუხრელად ვიცავთ საჯაროობას
ფასეულობას, რითაც ცნობილია ამერიკა მთელ მსოფლიოში. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ თქვენს გამგზავრებას ამერიკაში. ჩვენ ვიძლევით პირობას ვიზის განმცხადებლის წინაშე, რომ:
- მოგეპყრობით ღირსებით და პატივისცემით, იმის მიუხედავად შევძლებთ თუ არა თქვენთვის ვიზის გაცემას;
- დავიცავთ ინდივიდუალურ მიდგომას და თითოეულ საქმეს განვიხილავთ განსაკუთრებული გულისყურით;
- გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ თქვენთვის, ვიზის მიღებასთან დაკავშირებული გასაუბრება შესაძლოა იყოს უჩვეულო პროცესი, რამაც შეიძლება თქვენი აღელვება გამოიწვიოს;
- ჩვენ დაგითმობთ გასაუბრებისთვის გამოყოფილ განსაზღვრულ დროს, რათა მოვიპოვოთ შეძლებისდაგვარად მაქსიმალური ინფორმაცია თქვენს გამგზავრებასთან დაკავშირებული გეგმებისა და განზრახვების შესახებ;
- ჩვენს ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში, ყველა განმცხადებელს გავუწევთ სათანადო დახმარებას გასაუბრების დანიშვნასთან დაკავშირებით, რათა მათ დროულად შეძლონ გამგზავრება, ბიზნესთან, სწავლასთან, თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული მიზნით;
- ყველა საელჩოს მივაწვდით დეტალურ და ზუსტ ინფორმაციას სავიზო მოთხოვნების და განაცხადის შეტანის პროცედურის შესახებ, აღნიშნულ ინფორმაციას განვათავსებთ აგრეთვე შესაბამისი საკონსულოების ვებ-საიტებზე;
- განვათავსებთ ინფორმაციას თითოეული საელჩოსა თუ საკონსულოს გასაუბრების განრიგის შესახებ საიტზე http://travel.state.gov და
- განგიმარტავთ თქვენთვის ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზს;
ასევე, თუ თქვენ:
- ხართ სტუდენტი, ჩვენ მივმართავთ ყველა ძალისხმევას, რომ დაგინიშნოთ გასაუბრება და კვალიფიცირებულობის შემთხვევაში მოგეცეთ ვიზა, რათა დროულად შეძლოთ სასწავლებლად გამგზავრება;
- მიემგზავრებით გადაუდებელ სამედიცინო, თუ ჰუმანიტარულ გარემოებებთან დაკავშირებით, ჩვენ დავაჩქარებთ პროცესს იმ შემთხვევებში, როდესაც აშკარად ექმნება საფრთხე ადამიან(ებ)ის სიცოცხლეს;
- მიემგზავრებით მივლინებით, ჩვენ გამოვიყენებთ შესაბამის მექანიზმს რათა გაგიადვილოთ მგზავრობა და დავაჩქარებთ ვიზის განხილვის პროცესს, თუ კონკრეტული საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკული მხარისათვის.
ამავე დროს, ჩვენ ველით თქვენგან, ანუ სავიზო განაცხადის შემომტანისაგან რომ:
- შეძლებისდაგვარად წინასწარ დაგეგმავთ თქვენს გამგზავრებას და შესაბამისად, რაც შეიძლება ადრე შემოიტანთ სავიზო განაცხადს;
- სრულად და სიზუსტით შეავსებთ თქვენს ანკეტას;
- დაუფარავად წარმოაჩენთ თქვენი გამგზავრების მიზნებსა და გეგმებს;
- მოემზადებით გასაუბრებისთვის, რათა შეძლოთ თქვენი გამგზავრების მოტივის მკაფიოდ და ლაკონურად ჩამოყალიბება.
|